„ჩემმა შემოქმედებამ ბედნიერება მომიტანა და მადლობელი ვარ უფლის ამ ნიჭისთვის…“

ხატვის ნიჭი ბავშვობიდან აღმოაჩნდა, თუმცა მშობლებმა სამხატვრო სკოლაში არ შეიყვანეს და საკუთარი თავის მასწავლებელი თავად აღმოჩნდა. 15 წლის მშობლებმა ბათუმის ჭანტურიშვილის სახელობის კოლეჯში შეიყვანეს. „კოლეჯში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მხოლოდ ხატვა მაინტერესებდა და აქტიურად დავიწყე მუშაობა. შევაგროვე 30 გრაფიკული ნამუშევარი, ძირითადად – კომპოზიციები და კოლეჯის საგამოფენო დარბაზში გამოვფინე. ეს იყო ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა, რომელმაც კიდევ უფრო დიდი სტიმული მომცა, რადგან ჩემმა შემოქმედებამ საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა“, – ამბობს მხატვარი ნანა ტრაპაიძე.11657465_875391002509953_200514603_n

ბავშვობაში ხატვისთვის საჭირო ნივთებს მეზობლები და მეგობრები ჩუქნიდნენ. ერთადერთი ადამიანი, რომელიც მის არჩევანს მხარს უჭერდა, მხატვარი, ბათუმის თეატრის მხატვარი მარინა ფრანგიშვილია.11657493_875391022509951_1161969594_n

„უბრალოდ მაშინ, რატომღაც აუცილებელი იყო, ყველას მუსიკალური სკოლა დაემთავრებინა, მე ხატვა მაინტერესებდა. ქალბატონი მარინა დედას მეგობარია და ხშირად ეუბნებოდა დედაჩემს, ეს უნდა ცხოვრობდეს თბილისში და სწავლობდეს სამხატვრო აკადემიაშიო. ქალბატონი მარინა მეხმარებოდა, მიმართულებას მაძლევდა, მაგრამ აბსოლუტურ თავისუფლებას მაძლევდა, როგორც მინდოდა, ისე ვმუშაობდი“.

თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე ჩააბარა და მონუმენტური მოხატვის ფაკულტეტი დაამთავრა. „მინდოდა, სხვა დარგებიც შემესწავლა, თუმცა აკადემიის დამთავრების შემდეგ, ისევ ფერწერას დავუბრუნდი“.11666935_875390999176620_1389498993_n

პირველი სერიოზული ნამუშევარი, კომპოზიცია „ბურუსი“ 2005 წელს შექმნა. თვლის, რომ ეს ნამუშევარი გამორჩეულია, რადგან ტილოზე და ზეთში მუშაობა ახალი დაწყებული ჰქონდა. გარდა ამისა, მაშინ პირველ შვილს ელოდებოდა და, ამასთან, კომპოზიცია ამერიკაში გაიყიდა.

ნანა ტრაპაიძის შემოქმედება სავსეა ბედნიერი, ლაღი ფერებით, რომელსაც, როგორც მხატვარი ამბობს, მისი ოთხი ქალიშვილის გარემოცვა ქმნის. „მუშაობის დროს ჩემთვის აუცილებელია მუსიკა და სიმშვიდე, თუმცა ბავშვების გარემოცვა მსიამოვნებს. მათთგან დადებითი ემოცია მოდის“.

მხატვრის შთაგონების წყარო ძველი თბილისი, ბათუმი – გემები, ზღვა, ბავშვებთან ურთიერთობა არის. მათ შორის არის, გამორჩეული ნამუშევრებიც.11667945_875391005843286_1805125754_n

„მაქვს ნამუშევრები, რომლებსაც თუ უკანა მხარეს რამეს დავაწერ, ის აუცილებლად სახლში დარჩება და არ გაიყიდება. ბათუმის რამდენიმე ხიდი, ნატურმორტი, საერთოდ, ძველი ნივთების თემა მიყვარს. ზოგადად, ჩემმა შემოქმედებამ ბედნიერება მომიტანა და მადლობელი ვარ უფლის, ამ ნიჭისთვის“.

ნანა ტრაპაიძე  არაერთი ჯგუფური გამოფენის მონაწილეა. 2013 წლიდან არის სამხატვრო კავშირის წევრი. მისი ნამუშევრები ინახება როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ, კერძო კოლექციებში. მათ შორის: რუსეთში, შვეიცარიაში, ესტონეთში, გერმანიაში, ამერიკაში, უკრაინაში.

„ვთვლი, რომ გამოფენები მხატვარს ზრდის და გამოცდილებას ჰმატებს. ცდილობს, უფრო მეტი სიახლე შეიტანოს საკუთარ შემოქმედებაში. პერსონალურ გამოფენას 2016 წელს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გავაკეთებ. აქამდე, ჯერ ვერ მოვახერხე. მრავალშვილიანობამ ცოტა უკან დამხია და გამოფენისთვის ვერ შევაგროვე ნამუშევრები, მუდმივად ვაბარებ გალერეა „კამეაში“, პლეხანოვზე სამხატვრო სალონში, სასტუმრო „ციტადელში“ და იყიდება. საზოგადოების მხრიდან ყურადღება დიდია, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური პრობლემები არსებობს. ვფიქრობ, მხატვარმა ისეთ ფასში უნდა გაყიდოს ნამუშევარი, რომ სურვილის შემთხვევაში ადამიანმა შეძლოს მისი ყიდვა. ძალიან მინდა, ჩემი ქვეყანა აღორძინებული და გაბრწყინებული ვნახო. ყველა ხელოვანს წარმატებას ვუსურვებ“.

მზევინარ ხუციშვილი

11692870_875391012509952_1191852128_n

11696678_875391019176618_115388856_n

11714273_875390989176621_1816108660_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები