საქართველოს პრეზიდენტი თურქმენ კოლეგას პირისპირ შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი თურქმენ კოლეგას ჯერ პირისპირ და შემდეგ გაფართოებულ ფორმატში, სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის გეოპოლიტიკური და ტრანსრეგიონალური პროექტების, სატრანსპორტო და ენერგო დერეფნების საკითხებს.
გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს საზღვაო-სატრანსპორტო შესაძლებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტვირთებისა და საქონლის ტრანზიტის სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით, მათ შორის ენერგომატარებლების ტრანსპორტირებისათვის.
საქართველოს პრეზიდენტმა თურქმენ კოლეგასთან საუბრისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა გურბანგული ბერდიმუჰამედოვს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისთვის.
თავის მხრივ, თურქმენეთის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენი ქვეყანა ასრულებს, როგორც თურქმენეთის მხარის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ინიცირებული ყველა მნიშვნელოვანი რეზოლუციის თანასპონსორი.
შეხვედრისას თურქმენეთის სახელმწიფო დელეგაცია საქართველოს საინვესტიციო კლიმატითაც დაინტერესდა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველო, როგორც DCFTA-ს ხელმომწერი სახელმწიფო უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ინვესტორებს, ევროკავშირთან ვაჭრობა სატარიფო ბარიერების გარეშე აწარმოონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები