„პოზიცია“ სამართალდამცავ უწყებებს ვერეს ხეობაში გაცემული სამშენებლო ნებართვების კანონიერების საკითხის შესწავლას სთხოვს
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ სამართალდამცავ უწყებებს ვერეს ხეობაში არსებული მშენებლობების სამართლებრივი საკითხის შესწავლას თხოვს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გურამ ადამაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, „პოზიცია“ ეჭვობს, რომ წინა ხელისუფლების დროს მერიამ გარკვეული თანხის სანაცვლოდ მშენებლობის ნებართვები უკანონოდ გასცა.
„ ისეთ სახიფათო ზონაში, როგორიც მდინარე ვერეს ხეობაა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა ყოფილიყო კერძო სახლებისა თუ კორპუსების მშნებლობის საკითხებზე გადაწყვეტილებები მიღებული, რადგან მერიის შესაბამის სამსახურებს უნდა ჰქონოდათ ელემენტარულ ენციკლოპედიურ ინფორმაციაზე წვდომა, რომ მდინარე ვერეს წვიმიან ამინდებში პერიოდულად ახასიათებს ადიდება და მის კალაპატში განსაკუთრებით დიდი ოდენობით წყლის მოცულობამ შეიძლება მოიყაროს თავი, რაც, ბუნებრივია, მიმდებარე ტერიტორიისთვის ხიფათის შემცველია.
„პოზიცია“ მიმართავს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, დეტალურად შეისწავლონ თბილისში, ვერეს ხეობაში 13 ივნისის ტრაგედიამდე გაცემული სამშენებლო ნებართვების კანონიერების საკითხი. კერძოდ, გამოძიებულ იქნას თითოეულ მშენებლობაზე გაცემული ნებართვის კანონიერება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რადგანაც არ არის გამორიცხული, წინა ხელისუფლების დროს აღნიშნული ხეობის დაჩქარებული წესით „განაშენიანება“ დაკავშირებული იყოს უნებართვო მშენებლობებთან, კორუფციულ გარიგებებთან და მერიის მაშინდელი მაღალჩინოსნების დანაშეულებრივ ქმედებებთან“, – აღნიშნა გურამ ადამაშვილმა.
ადამაშვილმა ვერეს ხეობის მომავალი განვითარების პერსპექტივებზეც ისაუბრა.
„პოზიცია“უერთდება საზოგადოების ერთი ნაწილის მოთხოვნას, რომ დღევანდელი ზოოპარკისა და ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეწყდეს ყოველგვარი მშნებლობა და თბილისის ეს ნაწილი მთლიანად რეკრეაციულ ზონად იქცეს.