საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი ეწვია
საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი ჩამოვიდა. გურბანგული ბერდიმუჰამედოვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები, გიორგი აბაშიშვილი და თენგიზ ფხალაძე, ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში გიორგი ყარალაშვილი დახვდნენ.
დღეს პრეზიდენტის სასახლეში ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში, სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად შეხვდებიან, რის შემდეგაც ერთობლივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. გიორგი მარგველაშვილი და გურბანგული ბერდიმუჰამედოვი მედიისთვის განცხადებებსაც გააკეთებენ.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილსაც შეხვდება. თურქმენეთის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირთა ხსოვნას პატივს მიაგებს. ვიზიტის მეორე დღეს გურბანგული ბერდიმუჰამედოვისთვის საპატიო აკადემიკოსის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართება.
თურქმენეთის პრეზიდენტი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 3 ივლისს დატოვებს.