საგარეო უწყება ჟენევის მოლაპარაკებების 32-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 32-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
1 ივლისს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 32-ე რაუნდი.
შედგა ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც, მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი.
პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში – უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში – იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ისევე როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მოლაპარაკებები წარიმართა კონსტრუქციულ ვითარებაში. მონაწილეებმა ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში სრულად განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი.
“პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მონაწილეებმა საქართველოდან მიმოიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი უსაფრთხოების სიტუაცია. კერძოდ, განხილულ იქნა ე.წ. ხელშეკრულებების გავლენა ადგილზე უსაფრთხოების მდგომარეობაზე. ხაზი გაესვა, რომ ახალი, ე.წ. სექტორალური შეთანხმებების დადება სხვადასხვა სფეროში წარმოადგენს რუსეთის მიერ მცოცავი ანექსიის მკაფიო მტკიცებულებას. ხაზი გაესვა, რომ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და რისკის ქვეშ აყენებს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.
მონაწილეებმა საქართველოდან დაგმეს რუსეთის უკანონო წვრთნები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე საქართველოს საჰაერო სივრცისდარღვევის ფაქტები რუსეთის მხრიდან. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, აიღოს იურიდიული ძალის მქონე ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებული ვალდებულების საპასუხოდ და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანმხებით აღებული ვალდებულებები. მონაწილეებმა საქართველოდან დააყენეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობის საკითხი.
მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის აუცილებლობა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება, ასევე კულტურულ მემკვიდრეობასა და ეკოლოგიასთან დაკავშირებით.
ხანგრძლივი დისკუსია შედგა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების შეზღუდვის პრობლემატიკის ირგვლივ. საქართველოს დელეგაციის და ასევე თანამოდერატორების მხრიდანაც ხაზი გაესვა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობას.
შედგა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის არსებითი განხილვა. სამუშაო ჯგუფს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა მოახსენა ორგანიზაციის მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის ჩატარებული გამოკითხვის შესახებ, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს დევნილთა სურვილს დაბრუნდნენ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ.
მონაწილეებმა საქართველოდან კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა კონსტრუქციულად განაგრძონ მოლაპარაკებები და მიიღონ შესაბამისი ზომები კონკრეტული ჰუმანტარული პროექტების განხორციელების მიზნით, რათა ეფექტურად მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის სასიცოცხლო პრობლემების გადაწყვეტა.
მონაწილეებმა საქართველოდან მადლობა გადაუხადეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის ხელმძღვანელს, ერიკ რუბინს, მოლაპარაკებების ფარგლებში გაწეული ძალისხმევისათვის და წარმატება უსურვეს მას შემდგომ საქმიანობაში. ჟენევის საერთშორისო მოლაპარაკებების 33-ე რაუნდი გაიმართება 6-7 ოქტომბერს.