„ცუდია ის, რაც არ კეთდება…“
მამა მოქანდაკეა, თუმცა 15 წლამდე ქვასთან შეხება არ ჰქონია. მთებში ქვა აღმოაჩინა, რომელმაც, როგორც თავად ამბობს, მისცა ენერგია, მოქანდაკე გამხდარიყო. „ყველა ქვას თავისი პოზიტიური და უარყოფითი ენერგია აქვს. მთებში ნაპოვნი ქვისგან ქვაში და ბრინჯაოში შესრულებული ანგელოზი გავაკეთე, რომელიც 2000 წელს ახალგაზრდებმა შემთხვევით ნახეს და იყიდეს. ეს ფაქტი ჩემთვის დიდი სტიმული გახდა. სწორედ, მას შემდეგ დავიწყე ძიება და საინტერესო ელემენტები აღმოვაჩინე“, – ამბობს მოქანდაკე ამირან თევზაძე.
ქვების მოსაპოვებლად თითქმის მთელ საქართველოში დადის, სადაც კი შეიძლება მინერალი იყოს. ეს მისი გატაცებაა. ბევრი თავგადასავალი აქვს. „ერთხელ არაგვის პირზე წავედი. ქვები რომ მოვაგროვე, უკვე 9 საათი იყო და ტრანსპორტი აღარ მოძრაობდა. იქ მომიწია დარჩენა. ზღავზეც კი მიპოვია ქვები და ისეთი ენერგია ჰქონდა, ზღვის კომპოზიცია გავაკეთე“.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, სახვითი ხელოვნების მიმართულებით და ბევრეთის, წმინდა თეკლას სახელობის დედათა მონასტერში, აკადემიის კურსთან ერთად წავიდა. მაშინ მონასტერში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. მისი წვლილიც არის დღეს ბევრეთში მონასტრის არსებობა, საიდანაც სულიერი სიმშვიდე გამოყვა.
„აკადემიაში ჩავაბარე, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი ქანდაკების მიმართ სიყვარულს. ყველაფერი ნელ-ნელა მოხდა და, რაც მთავარია, მივხვდი, ან ძალიან ძლიერი უნდა იყო, რომ ქანდაკებაზე იმუშაო, ან თავი უნდა დაანებო. რაღაცის შექმნა ყველას შეუძლია. შენი შემოქმედება რომ განვითარდეს, გარკვეული ნიჭი და ძალიან დიდი შრომაა საჭირო. მე ისე შემიყვარდა ჩემი საქმე, რომ დღე და ღამე ვმუშაობდი. მინდოდა, ჩემი ნამუშევრები განცდებით და გრძნობებით ყოფილიყო სავსე და არა რაღაც ფიგურა, რომელსაც ნახავდნენ და იტყოდნენ – კარგია.“
მის ყველა ნამუშევარს თავისი ისტორია აქვს და გრძნობა გააჩნია. თვლის, რომ ცხოვრებაში არაფერს ისე არ შეუძლია გრძნობების გადმოცემა, როგორც დიდ ხელოვნებას. დასრულებული ნამუშევარი კი ყველაზე დიდი სიამოვნებაა. შემოქმედებამ თავისუფლება და საქმის სიყვარული მოუტანა. „ყველაზე კარგი, რაც კი შეიძლებოდა ჩემს ცხოვრებაში მომხდარიყო, მოქანდაკე გავმხდარიყავი. ჩემთვის ჩემი შემოქმედება მთელი ცხოვრება არის. ხშირად ამბობენ, შემოქმედი ადამიანები, რომ მუშაობის პროცესი მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ყველა მაინც შედეგს ელოდება. მუშაობის პროცესში ბევრი რამ იკარგება და იფანტება“.
მუშაობს სახელოსნოში. მუშაობასთან ერთად მისი მუდმივი მეგობრები მუსიკა და სიმშვიდე არიან. ცდილობს, ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება, ხელოვნებას დაუკავშიროს. მუშაობის პროცესში საკუთარი ნიჭი, გრძნობები, ქვის ენერგია, გარემო, ფანტაზია, ყველაფერი ერთიანდება, რომ სასურველი შედეგი მიიღოს. თვლის, რომ საქართველოში ბევრი ნიჭიერი ადამიანია და გული სწყდება, რომ ქვეყანაში არ არსებობს რესურსი, ადამიანმა საკუთარი პროფესიით იარსებობს. მუშაობს უცხოელებისთვის და საქართველოში ჯერ არც ერთი გამოფენა არ გაუკეთებია. „როგორც მერაბ ბერძენიშვილმა თქვა, – „საქართველო ნიჭის ბუდეა“, მაგრამ სამწუხაროა, რომ ადამიანს საკუთარი სპეციალობით არ შეგიძლია არსებობა. მით უმეტეს, რთულია, ხელოვნებით თავი გაიტანო. დღეს, ყველა უცხოელებისთვის მუშაობს, მათ შორის მეც. ხელოვნება, დიდი ფუფუნებაა, თუმცა საქართველოში მისი დაფასების კულტურაც არ არსებობს“.
ამირან თევზაძის ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში – თურქეთში, ყაზახეთში, რუსეთში, გერმანიაში და ა.შ.
„გული მწყდება რომ საქართველოში არავის არ უნდა ხელოვნება და არ აინტერესებთ. არავის არ უნდა ფულის ჩადება. არადა, კულტურის სფეროს ყველა ქვეყანაში დიდ ყურადღებას აქცევენ. უცხოელებისგან იმდენი შეკვეთა მაქვს, რომ ახლა თითქმის ვერაფერს ვერ ვქმნი. თითქოს ჩაკეტილი ვარ. საქართველოში გამოფენის გაკეთებაც ვერ შევძელი, რადგან ყველაფერზე ვფიქრობდი – ოჯახზე, ფინანსებზე. ჩემი შემოქმედება ხომ ჩემი შემოსავლის წყაროა. ნიკო ფიროსმანი დიდი მხატვარი ჰყავდა საქართველოს, მაგრამ, სანამ არ გარდაიცვალა, ქართველებმა ვერ დაინახეს. ამიტომ, გადავწყვიტე, ჯერ ჩემთვის გამეკეთებინა ყველაფერი“.
მოქანდაკის ყველაზე დიდი შემფასებელი მამაა, თუმცა თვლის, რომ ხელოვანი აბსოლუტურად თავისუფალი უნდა იყოს. „როგორც წესი საქართველოში კრიტიკოსები არ არიან. ჩემი მოქანდაკედ ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი წვლილი მამაჩემს მიუძღვის. მან ყველაფერი გააკეთა ჩემთვის, მაძლევს შენიშვნებს, მაგრამ მე ვთვლი, თუ ადამიანს დააძალებ რაღაცის გაკეთებას, მას გზას უცვლი. ჩემი აზრით ხელოვნება სწორედ ის სფეროა, სადაც ადამიანს არ უნდა უკარნახო რა და როგორ გააკეთოს“.
ნიკო ფიროსმანის მსგავსად, ამირან თევზაძის სურვილია: „ავაშენოთ დიდი სახლი, დავდგათ „სამოვარი“, ვსვათ ჩაი და ვისაუბროთ ხელოვნებაზე“.
„ძალიან მწყდება გული, რომ ყველა საქართველოდან წასვლას ცდილობს, რადგან ჩვენთან არანაირი იდეა არ ფინანსდება. მეც ბევრჯერ მიფიქრია ქვეყნიდან წასვლაზე, მაგრამ ყველაზე ადვილია, წახვიდე. ვცდილობ, ფარ-ხმალი არ დავყარო და ჩემს მეგობრებთან ერთად, ახალ პროექტზე ვმუშაობ, რომელიც ახალგაზრდების მაქსიმალურად ჩართვას გულისხმობს. გვინდა, ჩვენი ქვეყანა ხელოვნებით გავალამაზოთ, ახალი და საინტერესო იდეებით დავტვირთოთ, რაც ტურისტებისთვისაც საინტერესო იქნება. ჯერ კიდევ ველოდებით პასუხს, რომ დაგვაფინანსებენ. იმედი გვაქვს, ხელს შეგვიწყობენ. მჯერა, ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი საქმე უყვართ, ყველაფერი გამოუვათ“.
მზევინარ ხუციშვილი