საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქმენ კოლეგას გურბანგული ბერდიმუჰამედოვს უმასპინძლებს. გურბანგული ბერდიმუჰამედოვი თბილისს 2 ივლისს ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა. პრეზიდენტის სასახლეში ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში, სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად შეხვდებიან, რის შემდეგაც ერთობლივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. გიორგი მარგველაშვილი და გურბანგული ბერდიმუჰამედოვი მედიისთვის განცხადებებსაც გააკეთებენ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, თურქმენეთთან ურთიერთობის ინტენსიფიკაცია გასული წლის დეკემბერში დაიწყო, მაშინ როდესაც საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი შედგა თურქმენეთში, გიორგი მარგველაშვილმა თურქმენი კოლეგა მოიწვია. „ძალიან დიდი მნიშვნელობის სახელმწიფო ვიზიტია, რომელიც მიზნად ისახავს შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა გეოპოლიტიკური და ტრანსრეგიონალური პროექტების განვითარება, ეკონომიკა, სატრანსპორტო და ენერგო დერეფანის მნიშვნელობა”, -განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, ხვალ საქართველოს და თურქმენეთის პრეზიდენტები ორმხრივ ხელშეკრულებებს გააფორმებენ, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებას სატრანსპორტო, ეკონომიკის, საფინანსო, განათლების, სპორტისა და სხვა სფეროებში.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილსაც შეხვდება. თურქმენეთის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირთა ხსოვნას პატივს მიაგებს. ვიზიტის მეორე დღეს გურბანგული ბერდიმუჰამედოვისთვის საპატიო აკადემიკოსის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართება.

თურქმენეთის პრეზიდენტი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 3 ივლისს დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები