თავდაცვის უწყებას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი სტუმრობს
საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იმყოფება.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის დირექტორმა ნიკ გურმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში შეხვედრები გამართა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნიკ გური საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს შეხვდა.
თინათინ ხიდაშელთან შეხვედრას საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, სამხედრო ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიტანელ სტუმარს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა ნიკ გურს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით ბრიტანელი მრჩევლის მოვლინების თაობაზე მადლობა გადაუხადა. როგორც თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანია.
საუბრის ერთ-ერთი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო. ბრიტანელმა სტუმარმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი სამხედროების წვლილი. მხარეებმა დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის კუთხით თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. საუბარი შეეხო სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას.საუბარი, ასევე, შეეხო ორ ქვეყანას შორის სამხედრო განათლების კუთხით არსებული ურთიერთობების გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას.