სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებს მთავრობა დაადგენს
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” კანონპროექტით, ე.წ. ოდეერების სისტემა და ამასთან დაკავშირებით პროექტში არსებული ჩანაწერი უქმდება. საქართველოს მთავრობა, საკუთარი დადგენილებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებს განსაზღვრავს. ასეთი სუბიეტებისთვის კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს დაადგენს, გაუწევს მათ სათანადო კონსულტაციას, ასევე, გაუწევს კონტროლს უსაფრთხოების რეჟიმის დაცვას. ამასთან, კანონპროექტში იწერება ახალი თავი სახელწოდებით – “სახელმწიფო საიდუმლოებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების რეჟიმის დაცვა”.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, პროექტით განისაზღვრა, რომ ზოგადად, უსაფრთხოების რეჟიმები შეეხება მხოლოდ იმ სახელმწიფო, თუ არასახელმწიფო სუბიექტებს, რომელთა თაობაზეც მთავრობა მიიღებს დადგენილებას, რომ ეს სუბიექტები სახელმწიფო უსაფთხოებისათვის მაღალი რისკის საფრთხის მქონე სუბიექტებს წარმოადგენენ.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვერანაირ სახელმწიფო უსაფრთხოების ოფიცერს ვერ დანიშნავს. პროექტით განისაზღვრა, რომ ზოგადად, უსაფრთხოების რეჟიმები შეეხება მხოლოდ იმ სახელმწიფო, თუ არასახელმწიფო სუბიექტებს, რომელთა თაობაზეც მთავრობა მიიღებს დადგენილებას, რომ ეს სუბიექტები სახელმწიფო უსაფთხოებისათვის მაღალი რისკის საფრთხის მქონე სუბიექტებს წარმოადგენენ. უნდა გაკეთდეს სუბიექტების ზუსტი ჩამონათვალი და მხოლოდ იქ შეიძლება დაადგინოს უსაფრთხოების სამსახურმა უსაფრთხოების რეჟიმი. თავად რეჟიმის განხორციელება და რეჟიმის უზრუნველყოფა იმ სუბიექტის პასუხისმდებლობა იქნება. კონტროლს სახელმწლიფო უსაფრთხოების სამსახური განახორციელებს”, – აღნიშნა საკომიტეტო განხილვისას ვახტანგ ხმალაძემ.
საკითხი წარდგენისას შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა, რომ ამ მხრივ შემოღებული იქნება განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა.
“პროექტით შემოთავაზებულია ახალი თავი, რომელიც ითვალისწინებს რეგულაციებს, რაც სხვადასხვა სამსახურში უსაფრთხოების დაცვის ინტერესს ემსახურება. ეს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა სახელშეკრულებო დონეზე იქნება, ანუ ის პრაქტიკა, როცა სამსახურის ხელმძღვანელი ნიშნავდა ე.წ. უსაფრთხოების თუ უშიშროების ოფიცერს, ამ ინიციატივით უკვე გათვალისწინებული არ არის”, – აღნიშნა იზორიამ.