„როგორ შევხედო ჩვეულებრივად და ვთქვა, ჩემმა ბიჭმა მშვენიერი ბიჭი მოიყვანა, ჩემმა გოგომ მშვენიერი გოგო მოიყვანა, ასეთი რამ წარმოუდგენელია. ჩვენთან ეს არ მოხდება“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ქორწინების შესახებ კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებას საჭიროდ მიიჩნევს. როგორც დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ეს საჭიროა თუნდაც საგარეო თვალისთვის, რომ საქართველოს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ვერავინ შესთავაზოს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა, საბედნიეროდ, ვერ ავა ლიბერალიზმის იმ მწვერვალზე, რასაც ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება და ამ მოვლენის ჩვეულებრივ აღქმა ჰქვია. ამას ცნობიერების, მეხსიერების, გენეტიკის შეცვლა სჭირდება. გარკვეული გამონაკლისები იყო და იქნება, მაგრამ ის, რომ ამას ჩვენ ან ჩვენმა მომავალმა თაობებმა ჩვეულებრივად შევხედოთ, ვერ წარმომიდგენია. როგორ უნდა შევხედო ჩვეულებრივად და ვთქვა, ჩემმა ბიჭმა მშვენიერი ბიჭი მოიყვანა, ჩემმა გოგომ მშვენიერი გოგო მოიყვანა, ასეთი რამ წარმოუდგენელია. ეს ვერ იქნება. კონსტიტუციაში ეს იმიტომ კი არ უნდა შევიტანოთ, რომ ერთმანეთს ამით ხელი შევუშალოთ, არამედ უნდა შევიტანოთ იმისთვის, რომ მსოფლიომ დაინახოს, ჩვენ ამ საკითხს არას ვეუბნებით. ჩვენ ბევრ რამეზე მოვდივართ, მაგრამ ასეთ საკითხებში ძალიან მგრძნობიარეები ვართ და ამას ვერ მოვახერხებთ. რაც არ უნდა ჩამორჩენილებად ჩაგვთვალონ, ამას ვერ გავაკეთებთ. მე პირადად ამ საკითხის კონსტიტუციით დარეგულიერებას მხარს ვუჭერ. ეს იქნება ერთგვარი თავდაცვის მექანიზმი, რომ ვინმემ თვალის ჩაკვრით არ გვითხრას, რა იქნებოდა, კაცო, ეს თქვენც გაგეკეთებინათ, ევროპაში ხომ გინდათო. ეს საგარეო თვალისთვის კონსტიტუციაში უნდა ჩაიდოს. ჩვენთან ეს ვერ მოხდება“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.