თამარ ბერუჩაშვილი და გიგლა აგულაშვილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის” მინისტერიალს დაესწრნენ
მინსკში „აღმოსავლეთ პარტნიორობის” არაფორმალური დიალოგის მეხუთე შეხვედრა გაიმართა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების სესიის გარდა, გარემოს დაცვის საკითხებზე შეხვედრებსაც ითვალისწინებდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა მიიღეს მონაწილეობა.
ევროკავშირის მხრიდან დიალოგში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი, გარემოს, საზღვაო და თევზჭერის საკითხებში ევროკომისარი, კარმენუ ველა, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – ლატვიის რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და რეგიონული განვითარების მინისტრი, კასპარ გერჰარდსი და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, ჰელგა შმიდი მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას ასევე აღმოსავლეთ ევროპული პარტნიორი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციები და ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისა და ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ასევე, მხარეებმა, გარემოსდაცვის საკითხების პარალელურად, რიგის სამიტის შედეგებზე, რიგის სამიტის დეკლარაციით განსაზღვრულ პრიორიტეტებსა და მათი შესრულების მიმდინარეობაზე იმსჯელეს.
საქართველოს დელეგაციამ არაფორმალური დიალოგის ფარგლებში კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში არსებული ამოცანები აქტიურად განახორციელოს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული რეფორმები გაატაროს და ვიზალიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში დადგენილი ამოცანები პარტნიორებთან ერთად შემუშავებული კალენდრის შესაბამისად შეასრულოს.
შეხვედრაზე საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი, ევროკავშირის ქვეყნებთან ერთობლივი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში, კიდევ ერთხელ აღინიშნა.
მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე თბილისში „აბრეშუმის გზის“ ფორუმის გამართვისა და აღნიშნული პროექტის განხორციელების თაობაზე ისაუბრა.
მინისტერიალის ფარგლებში ასევე “აღმოსავლეთ პარტნიორობის” რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა .
ევროკავშირის მხრიდან კი, კიდევ ერთხელ აღინიშნა მზაობა, აქტიურად გააგრძლოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკის მხარდაჭერის აქტიურად გაგრძელება, როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით.