შს მინისტრი ბელგიის სამეფოს დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბელგიის სამეფოს დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციის წევრები არიან ბელგიის სახელმწიფო მდივანი თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში თეო ფრანკენი, იმიგრაციის სამსახურის გენერალური დირექტორი ფრედი რუზმონტი, სახელმწიფო მდივნის სპიკერი კატრინ იანსეუნი, სახელმწიფო მდივნის მრჩეველი მაიკე დე ვრესი და შინაგან საქმეთა ფედერალური საჯარო სამსახურის ატაშე ქეით ვერზელენი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია მიგრაციის მართვის კუთხით საქართველოს მიერ გატარებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის გაცნობა, ორმხრივი ურთიერთობის დამყარება და სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ხელის შეწყობა.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ასევე მოინახულებენ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრს და თავშესაფრის მაძიებელთა მიღების ცენტრს მარტყოფში. გაიმართება შეხვედრები საქართველოს იუსტიციის მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.