დავით დონდუა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების თაობაზე განცხადებას ავრცელებს

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა განცხადებას ავრცელებს.
როგორც დავით დონდუას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2015 წლის 30 ივნისს – 1 ივლისს საქართველოს დელეგაცია ჟენევის საეთაშორისო მოლაპარაკების 32-ე რაუნდში მონაწილეობას მიიღებს.
მისივე ინფორმაციით, 2008 წლიდან მოყოლებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკება წარმოადგენს ერთადერთ ფორმატს საქართველოსა და რუსეთს შორის, სადაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე განიხილება ძალის არ გამოყენების შესახებ ვალდებულების აღების, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხები.
„მოლაპარაკების პროცესის წარმატება და დაგროვილი პრობლემების არსებითი განხილვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატის, შეთანხმებული პროცედურებისა და დღის წესრიგის პატივისცემაზე ყველა აქტორის მხრიდან. ჩვენი მხრივ, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული დიალოგის არსებობას ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში. იმედს ვიტოვებთ, რომ, წინა რაუნდისგან განსხვავებით, ამჯერად მონაწილეები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან მოლაპარაკების პროცესს და არაკონსტრუქციული ქმედებით რისკის ქვეშ არ დააყენებენ როგორც რაუნდის ჩატარებას, ისე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმართვის ჩამოყალიბებულ პრაქტიკას. აგრეთვე, მოველით, რომ თანათავმჯდომარეები, საკუთარი მანდატის შესაბამისად, ყველაფერს მოიმოქმედებენ რაუნდის პროცედურების დაცვით ჩატარებისთვის“, – ნათქვამია დავით დონდუას განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები