„პრეზიდენტის ოფისმა მკვახე და მკაცრი განცხადებებისგან ხშირ შემთხვევაში თავი უნდა შეიკავოს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტის გამო გაკეთებული განცხადებისთვის პრეზიდენტის აპარატი გააკრიტიკა და მკვახე განცხადებებისგან თავის შეკავება ურჩია. ვოლსკის განცხადებით, ეროვნული ბანკის რეფორმის აუცილებლობა ნაწილობრივ სავალუტო ბაზარზე შექმნილმა მდგომარეობამ განაპირობა. მისი თქმით, სახელმწიფო ფინანსურ ოპერაციებზე მონიტორინგს ეროვნული ბანკი ზედამხედველობის გარეშე არ უნდა ახორციელებდეს.
დეპუტატის მტკიცებით, დაგეგმილი ცვლილებები ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია და პრეზიდენტს მასზე ვეტოს დადების საფუძველი არ აქვს.
„ ყველას დაავიწყდა, რომ ახლახან სავალუტო ბაზარზე სერიოზული რყევა მოხდა და საკმაოდ სერიოზული პრეტენზიები და ეჭვები გაჩნდა, რომ ეროვნულმა ბანკმა და კომერციულმა ბანკებმა ამ სიტუაციისაგან გარკვეული მოგება ნახეს. ფაქტია, რომ საფინანსო ზედამხედველობის სისტემა გამჭვირვალობის მხრივ ცვლილებას საჭიროებს. საფინანსო სტრუქტურა, რომელიც ასეთ ოპერაციებზე აწარმოებს მონიტორინგს, ერთპიროვნული გადაწყვეტილების ქვეშ, ზედამხედველობის გარეშე არ უნდა იყოს. ამიტომაც გადაწყდა, რომ შეიქმნას სპეციალური საბჭო. როდესაც ე.წ. სიპი იქმნება, დამოუკიდებლობის ხარისხზე საუბარი, რასაკვირველია, არის, მაგრამ ის ეროვნული ბანკის სისტემიდან არ უნდა გავიდეს. თუმცა არსებობს სახელმწიფოები, მათ შორის აშშ, სადაც სახელმწიფო – საფინანსო ოპერაციებზე რამდენიმე რგოლი აწარმოებს კონტროლს. ჩვენთან არაფერი ისეთი არ ხდება, რაც ევროპულ სტანდარტს არ შეესაბამება. მე მგონი, ისედაც დაძაბული საზოგადოების კიდევ უფრო დაძაბვა და ამით ყურადღების მიქცევა არასწორია.მეც შემიძლია გავაკეთო გარკვეული განცხადებები, რომლითაც ერთი კვირა ყველა მედიაგამოცემის „ჰედლაინებში“ ვიყო, მაგრამ ვფიქრობ, ყველა პოლიტიკოსმა, განსაკუთრებით პრეზიდენტის ოფისმა, რომელსაც მედიატორის და გამანეიტრალებლის, ხშირ შემთხვევაში კი განმსჯელის როლი ეკისრება, ცოტა მეტი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ დაუფიქრდეს განცხადებებს და მკვახე და მკაცრი განცხადებებისგან ხშირ შემთხვევაში თავი შეიკავოს. ეს ეხება არა მარტო პოლიტიკურ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებასაც. ვფიქრობ, რომ ვეტოს გამოყენების საფუძველი პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს. ყველა რეფორმა, რაც ხორციელდება, საერთაშორისო ევროპულ სტანდარტს შეესაბამება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები