„აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში 38-39 ძირითადი მიმართულება დავითვალე, სადაც ძალიან პოზიტიური შეფასებებია“
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა. ვოლსკის განცხადებით, ანგარიშში, რასაკვირველია, შენიშვნებიც იყო თუმცა 2010-2011 წლების ანგარიშებთან შედარებით წლევანდელი ანგარიში ბევრად უკეთესია.
ვოლსკის განცხადებით, მან 38-39 ისეთი მიმართულება დათვალა, სადაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მაღალი შეფასება მისცა.
„ამ ანგარიშსა და აშშ დეპარტამენტის იმ ანგარიშს შორის, რომელიც 2010-2011 წლებში გამოქვეყნდა, დიდი განსხვავებაა. შედარებები ხაზგასმითაა გაკეთებული, 38-39 ძირითადი მიმართულება დავითვალე, სადაც შეფასება ძალიან პოზიტიურია, რასაკვირველია, არის შენიშვნებიც. ყველა მიმართულება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხება, ესაა ადამიანის უფლებების დაცვის სტრუქტურები, მათი თავისუფლება, მედიათავისუფლება, რეიტინგები, სამართალდამცავი სტრუქტურები და პენიტენციალური სისტემა… ყველა ამ მიმართულებით პოზიტიური შეფასებაა. ნეგატიური კუთხით ვანო მერაბიშვილზეცაა საუბარი, მაგრამ სასამართლო სისტემა ძალიან პოზიტიურად არის დახასიათებული. შენიშვნები არის ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართაც, მაგრამ, ვფიქრობ, რომ იქ, სადაც სასამართლოს ვერდიქტი გამოტანილია, არ არის მართებული, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი შეიტანო. მგონია, რომ მომავალში საქართველოს ადამიანის დაცვის სტრუქტურებს, სახალხო დამცველის ანგარიშს გაცილებით მეტ ყურადღებას თუ მივაქცევთ, უკეთესი იქნება“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.