ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან, როგორც გლობალური მნიშვნელობის სახელმწიფოსთან, ურთიერთობების გაღრმავებას

საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან, როგორც გლობალური მნიშვნელობის სახელმწიფოსთან ურთიერთობების გაღრმავებას,- ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სინძიან უიღურეთის ავტონომიური რეგიონის თავმჯდომარის მოადგილესთან, ხუანგ ვეისთან შეხვედრაზე განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების სტრატეგიულ საკითხებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი პარტნიორობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და გააქტიურდა ურთიერთობები მაღალ დონეზე.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებობს უზარმაზარი პოტენციალი.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს ძველი აბრეშუმის გზის აღდგენას თანამედროვე რეალობაში. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ხელი მოეწერა აბრეშუმის გზის, ახალი ეკონომიკური სარტყელის ფორმატში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. ჩინურმა მხარემ გამოთქვა მზაობა, მონაწილეობა მიიღოს ოქტომბერში თბილისში დაგეგმილ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“. „შეხვედრაზე ვისაუბრეთ სინძიანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებაზე. ყველაზე დიდი ინვესტიციები საქართველოში სწორედ სინძიანიდან მოდის. ასევე ვისაუბრეთ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“, რომელიც ოქტომბერში უნდა გაიმართოს და ეს იქნება ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად. ასევე ვისაუბრეთ აბრეშუმის გზის, ახალი ეკონომიკური სარტყელის მნიშვნელობაზე, როგორც ჩინეთისთვის ასევე საქართველოსთვის, რათა საქართველომ მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობა და ისტორიული ფუნქცია დაიბრუნოს“, – განაცხადა სინძიან უიღურეთის ავტონომიური რეგიონის თავმჯდომარის მოადგილემ, ხუანგ ვეიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები