საქართველოში უახლოეს მომავალში ავსტრიის საელჩო გაიხსნება
საქართველოში უახლოეს მომავალში ავსტრიის საელჩო გაიხსნება, -ინფორმაციას ამის შესახებ ავსტრიაში საქართველოს საელჩო ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
„ბოლო ხანებში ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით ჩვენ ავსტრიულ მხარესთან საელჩოს გახსნის კუთხით. საელჩოს გახსნა ბუნებრივია, მნიშვნელოვანია. ორმხრივი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის ბოლო ორი წელია ძალიან ინტენსიური გახდა. ინტენსიური ურთიერთობების ფონზე, ბუნებრივია ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო ფუნქციონირებდეს“, – განაცხადა ავსტრიაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა.
როგორც ზალდასტანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს განაცხადა, კონკრეტულად როდის მოხდება ეს, ჯერ ცნობილი არ არის.
„ეს გადაწყვეტილება მოიცავს რიგ ქვეყნებში ავსტრიის საელჩოების დახურვას და ახალი საელჩოების გახსნას ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. მომალავ კვირას გავმართავთ კონსულტაციებს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში და დავადგენთ, თუ რა დროზე იქნება ეს პროცესი გაწერილი“, – აღნიშნა ზალდასტანიშვილმა.
ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წლამდე ბალტიის ქვეყნებსა და მალტაზე ავსტრიის საელჩოები დაიხურება, ახალი დიპლომატიური მისიები კი საქართველოში, ბელორუსსა და მოლდოვაში გაიხსნება – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის რადიო ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, გადაწყვეტილება სტრატეგიულ მიზანს უკავშირდება, რომელიც ქვეყანას 36 მილიონი ევროს დაზოგვაში დაეხმარება.