ნოდარ ხადური ჩინელ კოლეგას შეხვდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს ლოუ ძინვეის შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ჩინური ინვესტიციების მოცულობის ზრდას, ასევე ქართული პროდუქციის ცნობადობის ზრდას ჩინეთის ბაზარზე.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც რეგიონის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ჰაბის მნიშვნელობაზე. ფინანსთა მინისტრმა ჩინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელსაც ჩინეთის მთავრობა უწევს საქართველოს, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საბაჟო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების მიმართულებით.
თავის მხრივ, ჩინური მხარე გამოვიდა ინიციატივით, ე.წ. აბრეშუმის გზაზე მდებარე ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის გასაზრდელად გამარტივდეს საბაჟო პროცედურები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის. შეხვედრაზე ნოდარ ხადურმა ჩინელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.
როგორც ცნობილია, საქართველოს-პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თბილისში იგეგმება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი”, რომელიც მონაწილე ქვეყნებს, საშუალებას მისცემს ისტორიული ,,აბრეშუმის გზის” მარშრუტთან დაკავშირებით შემუშავდეს ახალი იდეები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ხალხთა შორის კონტაქტების დამყარების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.