იმერეთის გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს პრემიების გაცემა აუკრძალა
იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის განცხადებით, მიმდინარე წელს იმერეთის მუნიციპალიტეტებში და მათ შორის გუბერნიაში პრემიები აღარ გაიცემა. როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, პრემია გუბერნიაში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიცა და იმის შემდეგ აღარ გაცემულა.
“ჩემმა მოადგილეებმა და ჩვენმა თანამშრომლებმა ერთხელ მიიღეს სააღდგომო პრემია. ახლა კი ყველა მუნიციპალიტეტი გაფრთხილებულია და რა თქმა უნდა, ჩვენი გუბერნიაც, რომ პრემიებს აღარ ავიღებთ ამ წლის განმავლობაში”, – აცხადებს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაზე.
ცნობისთვის, კოალიცია “ქართული ოცნების” დეპუტატს ზაქარია ქუცნაშვილს საკანონმდებლო ინიციატივა აქვს, რომლის კანონად ქცევის შემთხვევაში პრემიერბს შემდეგი თანამდებობის პირები ვერ მიიღებენ: საქართველოს პარლამენტის წევრები, მინისტრები, მათი მოადგილეები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, თავმჯდომარეები, მოადგილეები, მინისტრები და მათი მოადგილეები.
გარდა ამისა, აღნიშნული კანონის ამოქმედების შემთხვევაში, პრემიებს ვერ მიიღებენ: საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსები და მათი მოადგილეები, საქართველოს უშიშროების საბჭოს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის მდივნები და მათი მოადგილეები.
კანონის ამოქმედებით, ასევე, პრემიების გარეშე დარჩებიან: საგადასახადო ომბუდსმენი და მისი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი და მისი მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი, შემოსავლების სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები, გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი, საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი, ცესკო-ს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კომისიის მდივანი, სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი და მისი მოადგილე, მოსამართლე, საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილეები, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და მისი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე, მერი და გამგებელი.