დავით უსუფაშვილი: ამერიკა და საქართველო ერთად აპირებს გაუმკლავდეს საფრთხეებს

ამერიკა და საქართველო ერთად აპირებს გაუმკლავდეს საფრთხეებს, რისი დასტურიცაა ერთობლივი მოქმედებები ავღანეთსა და მსოფლიოს სხვა ცხელ წერტილებში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ამერიკული სამხედრო ხომალდის, “ლაბუნის” დახვედრის ღონისძიების დროს განუცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დღევანდელი მოვლენა მკაფიო მესიჯია იმისა, რომ საქართველო არ არის მარტო და ქვეყანა არის მსოფლიო თანამეგობრობის წევრი.
„ხომალდის შემოსვლა ბათუმის ნავსადგურში არის მნიშვნელოვანი მოვლენა, ეს არის ხაზგასმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობისა და იმისა, რომ ჩვენ ერთად ვაპირებთ გავუმკლავდეთ საფრთხეებს, თუ ისინი ექნება ჩვენს ქვეყნებს თუ მსოფლიო მშვიდობას. ამის დასტურია ჩვენი ერთობლივი მოქმედებები ავღანეთში და მსოფლიოს სხვა ცხელ წერტილებში. ორ ქვეყანას გადაწყვეტილი აქვს, კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა ყველა სფეროში მათ შორის, სამხედრო სფეროში. დღევანდელი მოვლენა, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი იმიტომ, რომ საჭიროა რაც შეიძლება მკაფიოდ იყოს ეს მესიჯი გაგზავნილი ყველასთვის, რომ საქართველო არ არის მარტო, საქართველო არის მსოფლიო თანამეგობრობის წევრი ქვეყანა და მსოფლიო თანამეგობრობა მზად არის, საქართველოსთან ერთად, უზრუნველყოს მშვიდობა და სტაბილურობა მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენს რეგიონში”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა და აშშ-ს ელჩს, ხომალდის კაპიტანს, ეკიპაჟის წევრებს და აჭარის მთავრობას სტუმრების მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
ცნობისთვის: ბათუმის ნავსადგურში ამერიკის საზღვაო ძალების ხომალდი “ლაბუნი” დღეს დილით შემოვიდა. “ლაბუნი” არის გამანადგურებელი, მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ნაღმოსანი, რომელიც ექსპლუატაციაში 1988 წელს შევიდა. ხომალდი მონაწილეობდა ერაყის ომში და ნატოს ეგიდით ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებში. „ლაბუნი“ საქართველოს საზღვაო სივრცეს დღეს დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები