რიჩარდ ნორლანდი: ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები მყარდება

ეს გახლავთ ერთგულება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომელიც კვლავ ადასტურებს თავის განწყობას საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და შემაკავებელი შესაძლებლობების ზრდისადმი – ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ბათუმის ნავსადგურში ამერიკის საზღვაო ძალების ხომალდის, “ლაბუნის” შემოსვლის ოფიციალურ ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მყარდება. მისვე თქმით, ასევე, მყარდება ურთიერთობები ნატოსა და საქართველოს შორის. ასევე, ოფიციალურ ღონისძიებაზე რიჩარდ ნორლანდმა მწუხარება გამოხატა საქართველოს სანაპირო დაცვის ოფიცრის, თემურ კონცელიძის გარდაცვალების გამო.
“მსურს გამოვხატო მწუხარება, საქართველოს სანაპირო დაცვის ოფიცრის თემურ კონცელიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ მისი მეუღლე მძიმე მდგომარეობაშია და თბილისში საავადმყოფოში ექიმები იბრძვიან მისი სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენ იმედი გვაქვს მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ იქნება.
ჩემთვის სასიამოვნოა და პატივია, რომ დღეს ბათუმის ნავსადგურში ვიმყოფები ამერიკის საზღვაო ძალების ხომალდ “ლაბუნის” კაპიტანთან, მაკკალანთან ერთად. ეს გახლავთ ერთგულება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომელიც კვლავ ადასტურებს თავის განწყობას საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და შემაკავებელი შესაძლებლობების ზრდისადმი. ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები მყარდება ასევე, მყარდება ურთიერთობები ნატოსა და საქართველოს შორის, რაც მიმართულია იმისკენ, რომ რეგიონში უსაფრთხოების ზრდა მოხდეს. ხომალდის ეკიპაჟი ელის მოუთმენლად, რომ ექნებათ შესაძლებლობა ესტუმრონ ქალაქს და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ბათუმელები კვლავ უმასპინძლებენ ისე თბილად, როგორც ადრე, სხვა ხომალდების შემოსვლის დროს. მადლობას გამოვხატავთ, ბათუმის მერის და სხვა ხელმძღვანელი პირების მიმართ, რომლებიც მასპინძლობენ აღნიშნულ ღონისძიებებს”, – აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
ბათუმის ნავსადგურში ამერიკის საზღვაო ძალების ხომალდი “ლაბუნი” დღეს დილით შემოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ბათუმის ნავსადგურში მყოფ ხომალდზე დაგეგმილია ერთობლივი წვრთნები. “ლაბუნი” არის გამანადგურებელი, მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ნაღმოსანი, რომელიც ექსპლუატაციაში 1988 წელს შევიდა. ხომალდი მონაწილეობდა ერაყის ომში და ნატოს ეგიდით ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები