გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით დამტკიცებულ ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას კანონპროექტთან დაკავშირებით რამდენიმე შენიშვნა აქვს.
“ჩვენ ჩართულნი ვართ ძალიან მჭიდრო დიალოგში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან. მათი რეკომენდაციები მიღებული და მოსმენილია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი ვერსიის შემდეგ კანონპროექტში ბევრი რამ შეიცვალა. აუცილებელია გათვალისწინებულ იყოს საზედამხედველო სააგენტოს მაქსიმალური დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმის სტანდარტი, რომელიც იქ მომუშავე ადამიანებს, მათ შორის ბორდის წევრებს უნდა ჰქონდეთ. ამ კუთხით ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, კანონპროექტში ბევრი შესწორება შევიდა, ჩვენ და, პირადად, მე კიდევ გამაჩნია რამდენიმე შენიშვნა, რომელსაც კანონის ავტორებს გავუზიარებ. მაქსიმალურად ვეცდები, რომ ეს პრინციპები იქნას გათვალისწინებული. ასეთივეა პრემიერ-მინისტრის განწყობაც, რომელიც მიიჩნევს, რომ რამდენადაც შესაძლებელია, უნდა იქნას მიღწეული კონსენსუსი, რათა არ დაირღვეს ამ სააგენტოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის და პროფესიონალიზმის პრინციპები. კანონპროექტში არის რამდენიმე კომპონენტი, რომელიც შესაძლოა, იყოს შესაცვლელი, მათ შორის ბორდის წევრების გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით და ა.შ. ამაზე სამუშაო რეჟიმში აუცილებლად შევჯერდებით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრი ვარაუდობს და იმედს გამოთქვამს, რომ ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის საკითხზე მიღწეული იქნება ისეთი კომპრომისული ვარიანტი, რომელიც მაქსიმალურად იქნება მისაღები ყველასთვის და მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებისთვის. “საერთაშორისო ინსტიტუტების აზრი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად მისაღები გავხადოთ ეს კანონპროექტი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის”, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი
კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი აპირებს პარლამენტის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს ვეტო დაადოს, კვირიკაშვილის შეფასებით, “ეს ძალიან სამწუხარო იქნება”.