„ჩემი გონება სწორედ ეს შთამაგონებელი მანქანაა – Inspired Machine. ამის გარეშე ხომ ვერ შექმნი მუსიკას“  

პოსტროკი როკმუსიკის ჟანრის ჟანრი, რომელიც წარმოიშვა 1980-იანი წლების ბოლოს. როგორც წესი, ამ ჟანრის მუსიკალური კომპოზიციები გამოირჩევა რითმით, ჰარმონიით, მელოდიებით და აკორდების პროგრესირებით.
ჩვენს ქვეყანაში ნელ-ნელა ფეხს იკიდებს მუსიკის ეს მიმდინარეობა. ამის შესახებ  ახალგაზრდა მუსიკოსი ლევან სიდიანი საუბრობს.


მუსიკის აღმოჩენა…

შვიდი წლის ვიყავი, როდესაც „კავკასიის“ არხზე, ტელევიზიით გადიოდა რაღაც კონცერტი.  თვალი მოვკარი გიტარას, მიმიზიდა და ჩემი გატაცება მუსიკით სწორედ აქედან დაიწყო. მშობლებმა მიყიდეს კლასიკური გიტარა. მიმიღეს ხელოვნების გიმნაზიაშიც და ცოტა მომაბეზრებელი გაკვეთილების სწავლას შევუდექი. დაზარების ხანმაც არ დააყოვნა, ხშირად ისე გამოდიოდა, რომ ძალით ვარჩევდი ნოტებს.
მას შემდეგ, რაც დავიწყე იმის აწყობა, რაც მომწონდა და რასაც ვუსმენდი, მივხვდი, რომ გიტარა არც ისე ცუდი რამე ყოფილა.  ელექტროგიტარის ძიების მანიამ შემიპყრო და ერთ დღესაც მივაგენი იმ სანატრელ ინსტრუმენტს და სახლში, მშობლებს ვუთხარი.  მამაჩემი წავიდა საყიდლად. იქ მისული მირეკავს და მეუბნება, რომ ყიდვას აზრი არ აქვს, გიტარა არ ვარგაო. ერთ საათში ისმის სახლში შემობიჯების ხმა და ვხედავ სწორედ იმ ინსტრუმენტს მის ხელებში…
ყოველ ღამე კლასიკურ გიტარაზე ვმეცადინეობდი, გამებს ვუკრავდი. ამის შემდეგ ელექტროგიტარაზე დაკვრა დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენდა. ბუნებრივია, მასწავლებლისგან მოდიოდა შენიშვნები: „ხელი არასწორად გიჭირავს“, „ნამედიატორებია“ და ასე შემდეგ.

 ინსტრუმენტების კვალდაკვალ…

დავიწყე სხვადასხვა მუსიკალური საკრავის ძებნა. მხოლოდ გიტარის სამყაროში ვერ ჩავეტიე. ორი თვის განმავლობაში, სკამზე, საბნებსა და ბალიშებზე ჯოხებით რახარუხის შემდეგ, დედაჩემმა დრამზე შემიყვანა. ახლა უკვე, ცალკე დრამზე ვარჩევდი კომპოზიციებს, ცალკე გიტარაზე.  ფლეიტაც ჩამივარდა ხელში, საოცარი საკრავია. ამასობაში,  გადავედი პიანინოზე, რეგთაიმებით დავიწყე… მერე ტუჩის გარმონი „გაიჩითა“. ფანდურიც „მივიმუღამე“, დავხვეწე რაღაცები, დოლი და ტამტამი ექსკურსიებზე სულ იყო. ეს საკრავებიც შემომესწავლა. სამწუხაროდ, ჯერ ვიოლინოსთან შეხება არ მქონია…
მოკლედ, მომეწონება რაღაც საკრავი, ვაფეტიშებ და მერე სადღაც მივაგდებ.

-არ გიყვარს საქმის ბოლომდე მიყვანა?

– შეიძლება მაგრამ,  სხვანაირად მრავალფეროვნებაც ვერ იქმნება.

მუსიკალური გემოვნება…

ჩემში მასობრივად დაიწყო მუსიკის ჟანრთა ცვლა, შინაგანი სამყარო ერთბაშად გაივსო ხარისხიანი და უხარისხო მუსიკით. ჩემი ძმა კი, ამ დროს უსმენდა Deep Purple-ს. სწორედ მან მომასმენინა პირველად Dream Theatre და სწორედ ეს ბენდი გამოდგა ხიდად, უფრო დახვეწილ და ხარისხიან მუსიკალურ სამყაროში გადასასვლელად. შემდეგ ინსტრუმენტალურის მოსმენა დავიწყე. Dream Theatre -ის შემდეგ მეორე დიდი ხიდი Steven Wilson-ი   გახდა. მივხვდი, რომ მუსიკა მხოლოდ გიტარის მძიმე ჟღარუნი კი არაა, არამედ ხარისხი. სხვადასხვა ინსტრუმენტთა შერწყმა და ბგერების მეშვეობით მსმენელის ჩამძირავ გზაზე დაყენება… ეს უკვე არტია!

Post Rock…

ადამიანი უამრავი ხასიათის ტყვეობაშია. პოსტროკი იყო ერთი პატარა სეგმენტი ამ ხასიათებში.  ჩემმა მეგობარმა Sigur Ros-ისა და Mogwai-ის უკეთ გაცნობისას დიდი ბიძგი მომცა და გააფერადა ჩემი მუსიკალური აზროვნება.
ხელთ ჩამივარდა Fl Studio, ვწერდი რაღაცებს. აღმოვაჩინე ატმოსფერული ეფექტები, როგორიცაა “delay” და “reverb” -ი. პოსტროკი ისეთი ჟანრია, ძალიან ბევრი ასრულებს და მონოტონურად ჟღერს. თუ რაღაც განსაკუთრებული არ შემატე მას, შენი წვალება ზღვაში წვეთს დაემსგავსება. აუცილებლია ბევრი ექსპერიმენტი ამ ჟანრში სხვაგვარად, მუსიკა არასრულყოფილი გამოდის. Sigur Ros-ი იმიტომ გახდა ცნობილი, რომ არ ჰგავს სხვა ბენდებს, ხშირად შეხვდები კამერული მუსიკის ელემენტებს და აქცენტს ვოკალზე.

Inspired Machine…

არის ასეთი წიგნი, ალექსანდრე ბელიაევის „მსოფლიოს მბრძანებელი“, სამეცნიერო ფანტასტიკა. ნაწარმოებშია შთამაგონებელი მანქანა, რომელიც იყო ამორფული და ელექტრო. მისი დახმარებით მმართველობდა და შთააგონებდა სხვას. ჩემი გონება არის სწორედ ეს შთამაგონებელი მანქანა, Inspired Machine. ამის გარეშე ხომ ვერ შექმნი მუსიკას. ჩემს პროექტსაც სწრედ ამიტომ ვუწოდე ეს დასახელება. ჩავწერე ერთი ტრეკი, Galaxy Trip, ჩემი ძმა გერმანიაში გავაცილეთ და მას მივუძღვენი. აქედან დავგეგმე Ep-ის, Innblástur, გამოშვება. ჩემს Ep-ში სამი ტრეკია და თითოეულს უკან, ინსპირაციის სახით, ვიღაც უდგას.

Album art…11125238_579705045503269_22081134_n
Indie-სა და  Modern arti-ის სტილში მზეა გამოსახული და უკან ლაღი ცა. უსმენ მუსიკას და შენს გარშემო ბედნიერება ტრიალებს. ამის გადმოცემა მსურდა და რამდენად გამომივიდა, ამას უკვე მსენელი შეაფასებს.

საქართველო & პრობლემები…

საქართველოში დაკვრის პრობლემებია და ბევრი ჯგუფი ერთმანეთს ჰგავს.
ბევრს ჰგონია, რომ ზედმეტი ლიბერალიზმის გამოვლეენით უახლოვდება ევროპას რაც  სწორად არ მიმაჩნია, რადგან ევროპა კულტურაა და არა აღვირახსნილობა.

თავისუფლება…

 როდესაც ადამიანს გააჩნია თავისუფალება, ნაკლები პრობლემა აქვს. ინსტრუმენტალურ მუსიკაში კი თავისუფლება ძალიან ძნელი აღსაქმელია. არსებულ წესებს ნაკლებად უნდა დაემორჩილო, უფრო მეტი ექსპერიმენტი სჭირდება. ამის გამო არ შეგრაცხავენ განდეგილად, პირიქით. პიროვნული თავისუფლება კი ისაა, რომ ის შეასრულო, რაც გსურს, საზოგადოებრივი შეხედულებების გათვალისწინებით. პატივისცემა სხვისდამი, უბრალოდ აუცილებელია.
საბედნიეროდ, აღარ მესმის ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „ქართულ მუსიკას რა გასმენინებს…“ გზაში ვუსმენდი Svansikh-ს. მომწონს და კარგია. ასევე ძალიან კარგი ბენდია „Of Noah“, რომლებიც პოსტმეტალს უკრავენ, სადაც ყოველი წუთი პროგრესიულია და საინტერესო. უსმენდე შენს თანამემამულეს, პატივისცემაა ელემენტარული, ამის გარეშე კი მუსიკის პოპულარიზაცია ძნელია.

– რამდენი წლის ხარ ლევან?
– 15-ის.

ლექსო მიგრიაული

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები