თინათინ ხიდაშელი: მჯერა, რომ 21-ე საუკუნეში ტერორიზმს მომავალი არ ექნება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი საფრანგეთსა და ქუვეითში განხორციელებულ ტერაქტებს გამოეხმაურა.
თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ კოალიცია, რომელიც ერთიანი ძალებით ებრძვის ტერორიზმს, შეძლებს საერთაშორისო სტაბილურობის შენარჩუნებასა და ტერორიზმის საბოლოოდ დამარცხებას.
მინისტრის თქმით, ეს სამწუხარო ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვან ოპერაციებში მონაწილეობს საქართველო ნატოს წევრ და პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად. „ეს იყო ძალიან მძიმე ორი დღე ყველასთვის. აშკარაა ტერორისტული ორგანიზაციების გააქტიურება იმ ერთიანობის ფონზე, როდესაც ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოები, მათ შორის, საქართველო ერთობლიობაში ავლენენ. დარწმუნებული ვარ, რომ ტერორიზმს მომავალი არ აქვს. მჯერა, კოალიცია მოახერხებს კაცობრიობის ამ ყველაზე დიდი სენის საბოლოოდ დამარცხებას. კიდევ ერთხელ დასტურდება იმ საერთაშორისო ოპერაციების მნიშვნელობა, რომელშიც საქართველო თავის პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად არის ჩართული. თავდაცვის მინისტერიალზე, საიდანაც დღეს დილით დავბრუნდი, დიდი ყურადღება სწორედ ამ საკითხებს დაეთმო. მჯერა, რომ ტერორიზმს 21-ე საუკუნეში მომავალი არ ექნება“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრი დღეს ბათუმში აშშ-ს საზღვაო ძალების კუთვნილ ხომალდზე გამართულ მიღებას დაესწრება.