„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს“
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსების 21-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს ქვეყნის და ხალხის სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
“ჩემთვის დიდი პატივია ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. დღეს 21 წელი შესრულდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნიდან. ამიტომ მინდა მთელ პირად შემადგენლობას, სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მივულოცო დღევანდელი დღე. საქმე, რომელსაც თქვენ ემსახურებით, არის მეტად მნიშვნელოვანი და საპატიო. ეს არის ხალხის და ქვეყნის სამსახური, რომელიც პირველ რიგში დიდ ერთგულებას, მაღალ პროფესიონალიზმს და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. თქვენ იცავთ ჩვენი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს, ასევე სტრატეგიულ ობიექტებს და აკეთებთ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მინდა პირადად გადაგიხადოთ მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ ასე პირნათლად და ერთგულად ემსახურებით სამშობლოს და პირნათლად ასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას”, – აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსების დღე განსაკუთრებით წვევამდელებს მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.
“მინდა დღევანდელი დღე განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს წვევამდელებს, რომლებმაც სამშობლოს წინაშე ფიცი დადეს, ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შემართებით და საქმისადმი ერთგულებით გააგრძელებთ სამსახურს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე და მჯერა, რომ თქვენ შეიტანთ თქვენს წვლილს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების და გაძლიერების საქმეში”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გაძლიერებაში სტრატეგიული პარტნიორები- ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი და სხვა მეგობარი სახელმწიფოები ეხმარებიან.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 21-ე წლისთავთან დაკავშირებით დღეს სასწავლო ცენტრში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საზეიმო ფიცი დადო 140-მა წვევამდელმა, რის შემდეგაც სდსს-ის ქვედანაყოფების მარში შესრულდა.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დასწრნენ.