თინა ხიდაშელი: კონცეფცია, ერთიანი დაცვის სამსახურის შექმნის შესახებ, სწორი გადაწყვეტილებაა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 21 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო.
როგორც თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, თავდაცვის სამინისტრომ მოკრძალებული წვლილი უკვე შეიატანა ამ სამსახურის ეფექტიან მუშაობაში და ფიზიკური პირების დაცვის კომპონენტი სდსს-ს გადასცა.
მისივე თქმით, კონცეფცია, ერთიანი დაცვის სამსახურის შექმნის შესახებ სწორი გადაწყვეტილებაა.
„ვულოცავ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დღევანდელ დღეს. ეს სამსახური და მისი ყველა წარმომადგენელი უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურებიან. მინდა ვუსურვო მხნეობა და გამძლეობა. პირადად ბატონ ანზორ ჩუბინიძეს მინდა მივულოცო ეს დღე. ის მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს ამ სამსახურის გაძლიერებისთვის. ჩვენც, თავდაცვის სამინისტრომ მოკრძალებული წვლილი უკვე შევიტანეთ ამ საერთო საქმეში – ფიზიკური პირების დაცვის ნაწილში. ეს კომპონენტი ჩვენმა სამინისტრომ სწორედ ამ სამსახურს გადასცა. მიმაჩნია, რომ ანზორ ჩუბინიძის კონცეფცია არის სწორი – ერთიანი სამსახურის შექმნის შესახებ“,- განაცხადა მინისტრმა.
თინა ხიდაშელი ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალიდან გამთენიისას დაბრუნდა, სადაც 11 წარმატებული შეხვედრა გამართა.
თავდაცვის მინისტრი ცერემონიიდან, ბათუმში აშშ-ს საზღვაო ძალების კუთვნილ ხომალდზე გამართულ მიღებას დაესწრება.