გიორგი მარგველაშვილი: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პირნათლად ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ყოველდღიურ დაცვას

თქვენი სამსახური განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა დღეს, როდესაც მსოფლიოში ბრძოლაა გამოცხადებული ტერორიზმის წინააღმდეგ, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს.
როგორც პრეზიდენტმა სდსს-ის დაარსებიდან 21-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები სწორედ სდსს-ის თანამშრომლების მიერ არიან დაცულნი ყოველგვარი კრიმინალისა თუ ტერორიზმის საფრთხისგან.
“პირველ რიგში, მინდა მივესალმო რიგითებს, რომლებმაც დღეს გადადგეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი თავიანთ ცხოვრებაში და დადეს სამშობლოს დაცვის ფიცი. მივესალმები სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, რომელიც პირნათლად ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ყოველდღიურ დაცვას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თქვენი სამსახური განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა დღეს, როდესაც მსოფლიოში ბრძოლაა გამოცხადებული ტერორიზმის წინააღმდეგ. ბრძოლა, რომელშიც ჩვენ, სამწუხაროდ, ჯერ ვერ მოვიგეთ. ბრძოლა, რომლისთვისაც საქართაველომ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა. თქვენ იცით, რომ ისტორიულად ჩვენ გლობალური უსაფრთხოების და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ და თქვენი თანამებრძოლები დღესაც უმნიშვნელოვანესი მისიით იმყოფებიან ავღანეთში. მაგრამ თქვენ ისიც იცით, რომ გუშინ მიყენებულ იქნა დარტყმა ქუვეითის, ტუნისისა და საფრანგეთისთვის. ეს ის ბრძოლაა, რომლის უკანაც გაერთიანებულია ერთი მხრივ, კაცობრიობა, რომელიც ხედავს ცივილიზაციას, კულტურას და თავის მომავალს, მეორე მხრივ კი, ამ ბრძოლის საპირისპირო ფლანგზე იმყოფება ძალიან სასტიკი ძალა. მე მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მწყობრ და მამაც სამსახურს იმისთვის, რომ ამ ძალამ ვერ გაიმარჯვოს საქართველოში. ეს არის სტრატეგიული ობიექტების დაცვა, ეს არის უმაღლესი თანამდებობის პირების დაცვა. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში უმაღლესი თანამდებობის პირები ვიღებთ გადაწყვეტილებებს ჩვენი სინდისიდან, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და ვიცით, რომ ჩვენი ზურგი დაცულია თქვენს მიერ. ვიცით და არ გვეშინია ამ გადაწყვეტილებების არც ტერორიზმის მხრიდან და არც კრიმინალის მხრიდან, რადგან თქვენ, პროფესიონალურად ასრულებთ თქვენს ვალდებულებას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ამავე ღონისძიებაზე პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მის ხელმძღვანელს, ანზორ ჩუბინიძეს მადლობა გადაუხადა და პატივი მიაგო ყველა იმ ადამიანს, ვინც სახელმწიფოს სიძლიერეს თავი შესწირა.
“პატივს მივაგებ იმ ადამიანებს, ვინც ამ ბრძოლაში დაეცა. ვინც თავი შესწირა სახელმწიფოს სიძლიერეს. ასევე, კიდევ ერთხელ მინდა მივმართო წვევამდელებს – მათ ვინც ახლა გახდა ჩვენი სამშობლოს ჯარისკაცი და ვუსურვო მშვიდობიანი სამსახური. მინდა ხაზგასმით გადავუხადო მადლობა ანზორ ჩუბინიძესაც იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რაც მას შეაქვს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განვითარებაში. ისევე როგორც მისი ყველა თანამშრომელი, პირადად მეც, საქართველოს პრეზიდენტი მას მხარს ვუჭერ ამ წარმატებულ საქმიანობაში”, – აღნიშნა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები