თეა წულუკიანმა სომხეთში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს იუსტიციის მინსიტრმა თეა წულუკიანმა სომხეთში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. მინისტრი ერევანში მიმდინარე სომხეთ-საქართველოს სამართლებრივ ფორუმში მონაწილეობდა.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თეა წულუკიანი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ფორუმის დასრულების შემდეგ, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მიიღო.შეხვედრას სომხეთის იუსტიციის მინისტრი ჰოვანეს მანუკიანი და საქართველოს ელჩი სომხეთში ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ წულუკიანმა განაცხადა, სომხეთის პრეზიდენტი პირველ სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმს მიესალმება და გამოთქვამს მზადყოფნას, საქართველოს, სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში დაეხმაროს.
“სომხეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, ყოველმხრივ ხელი შეუწყოს სამართლებრივი ფორუმის განვითარებას. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ძლიერი ქვეყნის უკან მისი რეგიონი დგას, რაც ქვეყნებს პრობლემებთან გამკლავებას უადვილებს. სწორედ ამიტომ აუცილებელია, ძლიერი სამხრეთკავკასიური რეგიონის შექმნას შევუწყოთ ხელი. ეს ფორუმიც ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია”, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრები სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ბოლოს ეჩმიაძინს ეწვივნენ, სადაც ისინი სომხეთის სულიერმა ლიდერმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები