ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს

თითოეული თქვენგანის დამსახურებაა ის, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსების 21-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებს 21 წლისთავი მიულოცა და მადლობა გადაუხადა ქვეყნისა და ხალხის სამსახურში დგომისთვის.
“ჩემთვის დიდი პატივია დღეს ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. დღეს 21 წელი შესრულდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნიდან. ამიტომ მინდა მთელ პირად შემადგენლობას, სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მივულოცო დღევანდელი დღე. საქმე, რომელსაც თქვენ ემსახურებით, არის მეტად მნიშვნელოვანი და საპატიო. ეს არის ხალხის და ქვეყნის სამსახური, რომელიც პირველ რიგში დიდ ერთგულებას, მაღალ პროფესიონალიზმს და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. თქვენ იცავთ ჩვენი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს, ასევე სტრატეგიულ ობიექტებს და აკეთებთ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მინდა პირადად გადაგიხადოთ მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ ასე პირნათლად და ერთგულად ემსახურებით სამშობლოს და პირნათლად ასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას. სწორედ თითოეული თქვენგანის დამსახურებაა ის, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა, ასევე, 140 წვევამდელს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი სახელმწიფოს უსაფრთხოების და გაძლიერების საქმეში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანენ.
“მინდა დღევანდელი დღე განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს წვევამდელებს, რომლებმაც სამშობლოს წინაშე ფიცი დადეს, ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შემართებით და საქმისადმი ერთგულებით გააგრძელებთ სამსახურს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე და მჯერა, რომ თქვენ შეიტანთ თქვენს წვლილს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების და გაძლიერების საქმეში”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები