იუსტიციის მინისტრმა სომხეთში ვიზიტი მაღალი დონის შეხვედრით დაასრულა

ერევანში მიმდინარე სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი ფორუმი დაიხურა. ფორუმის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მიიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთის იუსტიციის მინისტრი ჰოვანეს მანუკიანი და საქართველოს ელჩი სომხეთში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთის პრეზიდენტი მზადაა, საქართველოს სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში დაეხმაროს. ამასთან, სომხეთის პრეზიდენტი მიესალმა პირველ სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმს.
„სომხეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, ყოველმხრივ ხელი შეუწყოს სამართლებრივი ფორუმის განვითარებას. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ძლიერი ქვეყნის უკან მისი რეგიონი დგას, რაც ქვეყნებს პრობლემებთან გამკლავებას უადვილებს. სწორედ ამიტომ აუცილებელია, ძლიერი სამხრეთკავკასიური რეგიონის შექმნას შევუწყოთ ხელი. ეს ფორუმიც ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრები სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ბოლოს ეჩმიაძინს ეწვივნენ, სადაც ისინი სომხეთის სულიერმა ლიდერმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები