საქართველოს საგარეო უწყება ქუვეითში, ტუნისსა და საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტების გამო შეშფოთებას გამოხატავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს ქუვეითში, ტუნისსა და საფრანგეთში სამოქალაქო პირების მიმართ განხორციელებულ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით, რასაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ქართული მხარე საგანგაშოდ მიიჩნევს უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში განხორციელებული ტერორისტული აქტების ზრდის ტენდენციას, მათ შორის ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფო ერაყსა და ლევანტის”(ISIL) მიერ ჩადენილ განსაკუთრებული სისატიკის დანაშაულებს, როგორც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში.
“ვიმედოვნებთ, მსოფლიო კიდევ უფრო გაააქტიურებს ძალისხმევას ამ გამოწვევის დასაძლევად და მივიჩნევთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს ერთიანი რეაგირებისას, რათა არ გაიმარჯვოს ტერორისტების მცდელობამ, რელიგიური და კონფესიური ნიშნით განხეთქილება შეიტანონ ცივილიზებულ სახელმწიფოებს შორის.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და სოლიდარობას უცხადებს ქუვეითის, ტუნისის, საფრანგეთისა და იმ ქვეყნის მთავრობებს, რომელთა მოქალაქეების სიცოცხლეც შეეწირა ტერორისტულ თავდასხმებს“-აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები