გია ვოლსკი: თუ პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო მაინც დაადო, უმრავლესობას ეყოფა რესურსი, რომ ის დაძლიოს
„თუ პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო მაინც დაადო, უმრავლესობას ეყოფა რესურსი, რომ ის დაძლიოს“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი პრეზიდენტის მხრიდან მოსალოდნელ კანონპროეტზე ვეტოს, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის გამოყოფას ეხება. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კანონპროექტში ბევრი შენიშვნა გათვალისწინებულია.
„იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, გაზიარებული ვერ იქნება. დღეს გვექნება ლაპარაკი ძირითად პრინციპებზე. როცა დეტალებზე გადავალთ, კანონპროექტში ნახავთ, რომ ძალიან ბევრი შენიშვნა გათვალისწინებულია. თვითონ იდეა, ზედამხედველობის საბჭო იყოს გახსნილი და პარლამენტიც იყოს აქტიურად ჩართული ამაში, არის ის დემოკრატიული ნიშანი, რაც უნდა ახასიათებდეს ამ ორგანოს მართვას. არა მგონია, ამ დეტალების გათვალისწინების შემდეგ, პრეზიდენტს ვეტოს დადების სურვილი გაუჩნდეს. თუკი მაინც დაადო ვეტო, გვეყოფა რესურსი, რომ ის დავძლიოთ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.