თამარ ბერუჩაშვილი ჩილეს რესპუბლიკაში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს
სამხრეთ ამერიკული ტურნეს ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ჩილეს რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.
როგორც “კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თამარ ბერუჩაშვილმა ჩილეს დიპლომატიურ აკადემიაში საჯარო ლექცია წაიკითხა. ღონისძიებას აკადემიის მსმენელები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ. საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველო, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნები და მისწრაფებები. მინისტრმა ლათინური ამერიკის თანამშრომლობის სტრატეგიაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ჩილესა და საქართველოს შორის ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივებს.
ჩილეს რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თამარ ბერუჩაშვილის შეხვედრა ჩილეს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერალდო მუნიოსთან, ასევე გაიმართება შეხვედრები ჩილეს ეროვნულ კონგრესში. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია “საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების” ხელმოწერა.