გიორგი აბაშიშვილი: სამწუხაროა, რომ ასოცირების დღის წესრიგი დაირღვა

ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი საქართველოს პარლამენტის ოთხი კომიტეტის მიერ პირველი მოსმენით მხარდაჭერილ კანონპროექტს ეხმაურება.

აბაშიშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებიდან თითქმის ერთი წლისთავზე, ასოცირების დღის წესრიგი დაირღვა. “დღეს საქართველოს პარლამენტის ოთხი კომიტეტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ იქნა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას შეეხება. კანონპროექტის შემუშავებაში არ ყოფილან ჩართულნი ექსპერტები ევროკავშირიდან, მათ შორის, ევროპის ცენტრალური ბანკიდან, ისევე როგორც წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კანონპროექტზე საკუთარი ნეგატიური პოზიცია დააფიქსირეს მსხვილმა ბიზნესასოციაციებმა, წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დარგის ექსპერტებმა. სამწუხაროა, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებიდან თითქმის წლისთავზე დაირღვა ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმების სტრუქტურაზე დაყრდნობით, წარმოადგენს 2014-2016 წლებში საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი მუშაობისათვის განსაზღვრული პრიორიტეტების სიას. გამომდინარე აღნიშნულიდან, დაირღვა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 იანვრის #59 განკარგულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ. ვინაიდან, ასოცირების დღის წესრიგში და შემდგომ უკვე მთავრობის განკარგულებაში ნათლად წერია, რომ საქართველოს ცენტრალური ბანკის კანონმდებლობის გადასინჯვა უნდა განხორციელდეს და ევროკავშირის ექსპერტიზით მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკის გამოცდილებაზე დაყრდნობით”, – ნათქვამია გიორგი აბაშიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები