1 აგვისტოდან რძის, რძის ნაწარმის და თაფლის შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება
„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად რძის, რძის ნაწარმის და თაფლის შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი მიიღო.
ტექნიკური რეგლამენტი 1 აგვისტოდან ამოქმედდება და ყველა მეწარმეს დაავალდებულებს, პროდუქცის წარმოებისას აუცილებელი ტექნიკური რეგლამენტი დაიცვან “, – აღნიშნული განცხადება სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ თენგიზ კალანდაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ახალი ტექნიკური მახასიათებლები მეწარმეებს ახალ ვალდებულებებს უყენებს, რაც, კალანდაძის განცხადებით, მომხმარებელს დაეხმარება, ზუსტად გაერკვნენ, თუ რა შემცველობის პროდუქციას ყიდულობენ. „ ტექნიკური რეგლამენტი მზადდება თხილის, პურისა და პურ-ფუნთუშეულის შესახებ. დღესდღეობით ჩვენი მეწარმეები მოქმედებენ სტანდარტებით, რომლებიც ნებაყოფლობითია. ის ირჩევს გარკვეულ სტანდარტს და შემდგომ მან ის უნდა დააკმაყოფილოს. ტექნიკური რეგლამენტი კი ნიშნავს იმას, რომ ეს დოკუმენტი ყველა მეწარმისთვის სავალდებულო შესასრულებელი იქნება, მათ უნდა დააკმაყოფილონ ტექნიკური რეგლამენტი. ეს ტექნიკური რეგლამენტი 1 აგვისტოს ამოქმედდება. ტექნიკური რეგლამენტი გვეუბნება, რომ მეწარმეები, რომლებიც გამოუშვებენ რძის ნაწარმს, როდესაც მათზე დაეწერება „არაჟანი“, „ხაჭო“ და ასე შემდეგ, ის უნდა იყოს ნამდვილად რძის ნაწარმი და სხვა ცხიმებსა და ცილებს არ უნდა შეიცავდეს. მეწარმეს აქვს უფლება, გამოუშვას ნაწარმიც, მაგალითად, არაჟნის მსგავსი პროდუქტი მცენარეული ცხიმით, მაგრამ მას უნდა დააწეროს რძის შემცველი პროდუქტი და უნდა დააწეროს სხვა სახელი და არა „არაჟანი“, „ხაჭო“, „მაწონი“ და ასე შემდეგ… ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მომხმარებელი ზუსტად იყოს ინფორმირებული, თუ რას ყიდულობს“, – განაცხადა თენგიზ კალანდაძემ.
თენგიზ კალანდაძემ დღესვე მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართა და თხოვა, არ მიირთვან ზაფხულის განმავლობაში მალფუჭებადი პროდუქტები, თუ ისინი სათანადო პირობებში არ არის შენახული. განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქციაა ფარშირებული პროდუქტი, კრემიანი ნაწარმი, სოსისი და ძეხვეული, რომელიც გარე ვაჭრობისას დახლებზეა განთავსებული. მისი თქმით, გარე ვაჭრობის პირობებში არ უნდა შეიძინონ ცხოველური წარმოშობის სურსათი, ისეთი, როგორიცაა თევზი, ყველი, ხორცეული.