სტიქიის მიმდებარე ტერიტორიებიდან აღებული წყლის ნიმუშების კვლევის შედეგები ცნობილია

სურსათის ეროვნული სააგენტო „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ერთად სტიქიის ზონაში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სასმელი წყლის ხარისხს სწავლობს. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ თენგიზ კალანდაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, სასმელი წყლის დაბინძურების საშიშროება არ არსებობს. ამ დროისთვის აღებული წყლის ნიმუშებიდან მხოლოდ ნაწილის შედეგებია ცნობილი, თუმცა, როგორც ლაბორატორიული კვლევებით დადგინდა, ყველა აღებული ნიმუში სასმელად ვარგისია.

გარდა წყლის ხარისხის კონტროლისა, სურსათის ეროვნული სააგენტო საკვების გაცემის საკითხსაც აკვირდება და სწავლობს, რამდენად დაცულია სტიქიის ადგილებში სანიტარულ ჰიგიენური ნორმები.
„სურსათის ეროვნული სააგენტო სტიქიის მეორე დღესვე ჩართულია საქმეში და სურსათის გაცემასა და წყლის ხარისხისს ვაკვირდებით. ადგილზე არიან ჩვენი სპეციალისტები და ჩვენი ზედამხედველები აკონტროლებენ, თუ რამდენად დაცულია კვებისას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. რაც შეეხება სასმელი წყლის კონტროლს, მეორე დღიდანვე ჩვენ სასმელი წყლის ნიმუშების აღება დავიწყეთ. დღეის მდგომარეობით, სტიქიის მიმდებარე ტერიტორიებზე წყლის 58 სხვადსხვა ნიმუშია აღებული. ჩვენ ვმოქმედებთ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ერთად და ერთობლივად ვიღებთ ნიმუშებს. 30 ნიმუში ჩვენ, დანარჩენი კი „წყალკანალმა“ აიღო. დღეს 15 -დე ანალიზის შედეგია ცნობილი, ყველა ეს ნიმუში სასმელი წყლის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. წყლის დაბინძურების საშიშროება არ არსებობს. წყალი არ გამორთულა, უკუწნევა არ განუვითარებია, რომ შეეწოვა რაიმე ნივთიერება. თავის დაზღვევის მიზნით „წყალკანალის“ მიერ წყლის ზექლორირება ხდება და თუკი მოსახლეობა წყალზე ოდნავ სუნს შენიშნავს, ნუ შეშინდებით, ეს მხოლოდ ქლორია“,- განაცხადა თენგიზ კალანდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები