ლევან მურუსიძე პოლიტიკოსებს: სასამართლოზე თავდასხმას თავი დაანებეთ!
„გასაგებია, რომ არიან პოლიტიკური პარტიები, სურთ მიიღონ გარკვეული დივიდენდები, მაგრამ მოსამართლის კონკრეტულ საქმესთან ასე დაკავშირება არ არის სწორი საქციელი. როდესაც გამოძიება მიდის, ბრალეულობა არ დასტურდება და ამაზე ჭორები გორდება, რომ ეს საქმე შესაძლოა, სხვა საქმეს დაუკავშირდეს. ეს მიუღებელია.
მოსამართლეების წინააღმდეგ მიმართულმა განცხადებებმა უკვე კამპანიის ხასიათი მიიღო. მინდა განვუცხადო ყველას, განსაკუთრებით კი ეს ეხებათ პოლიტიკოსებს და თანამდებობის პირებს, თავი დაანებეთ სასამართლოზე თავდასხმას“, – ამ განცხადებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მოსამართლეების: ჯუღელისა და ჩხიკვაძის გარშემო გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და პოლიტიკოსებსა და სხვა ადამიანებს, ვინც სასამართლო სისტემის წარმომადგენლებზე ინფორმაციას გაავრცელებს, ფაქტების დასაბუთება მოსთხოვა.
მურუსიძე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ ამ კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდა. „ თუ დასაბუთებული იქნება პოზიცია და მოჰყვება ფაქტები, ამაზე სასამართლო რეაგირებას მოახდენს, მაგრამ თუ ეს დაუსაბუთებელი იქნება, ამაზე ძალიან მკაცრი რეაქცია გვექნება. მე გუშინ პირადად ვესაუბრე ჯუღელს და გაჟღერებული ინფორმაცია, რომ თითქოსდა, დავით ჯუღელზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა, რის გამოც მან პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით ერთ-ერთ საელჩოს მიმართა, კატეგორიულად უარყო. დავით ჯუღელმა განაცხადა, რომ მას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომესთან არავითარი ურთიერთობა არ ჰქონია, არავითარ ზეწოლას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია და არც ერთი საელჩოსთვის პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მას არ მიუმართავს. ამის გადამოწმება საელჩოებში ადვილია. დავით ჯუღელის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება მეორე საკითხს, რამდენიმე თვის წინ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, სადაც რამდენიმე ავტომანქანას შორის მოსამართლის ავტომანქანაც იყო. მან ჯანმრთელობის გარკვეული დაზიანება მიიღო და რამდენიმე კვირა საავადმყოფოში იმყოფებოდა. ჩატარდა გამოძიება და გამოძიებით ბრალეულობა არ დადგინდა. „ამ ორი თემის ერთმანეთთან დაკავშირება გამორიცხულია. ჩვენ -ყველას გვაინტერესებს, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და ამას ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი. 2012 წლის შემდეგ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ბევრი მკვეთრი ნაბიჯი გადაიდგა და ამის არ დანახვა არ შეიძლება“,- განაცხადა ლევან მურუსიძემ.