თეა წულუკიანი: სომხეთის ევრაზიული კავშირის წევრობა საქართველო-სომხეთის მეგობრობას ხელს არ უშლის
სომხეთის ევრაზიული კავშირის წევრობა საქართველო-სომხეთის მეგობრობას ხელს არ უშლის. აღნიშნული განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საინფორმაციო სააგენტო “მედიამაქსთან” ინტერვიუში გააკეთა. “სომხეთის საბაჟო კავშირის წევრობა და საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა არ უნდა იყოს განხილული, როგორც პრობლემა. პირიქით, ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც ახალი შესაძლებლობების გახსნას ორივე სახელმწიფოსთვის, მათ შორის ეკონომიკური კუთხით”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მანვე, ასევე ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს.
“2103 წელს სომხეთში ჩემი კოლეგის მოწვევით ვიმყოფებოდი, მიმდინარე წლის გაზაფხულზე კი საქართველოში შედგა საპასუხო ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. ამავე დროს ჩემი კოლეგა ოვანეს მანუკიანი გამოვიდა ინიციატივით, ერევანში გამართულიყო სომხურ-ქართული იურიდიული ფორუმი. აქედან გამომდინარე, ჩემი ამჟამინდელი ვიზიტის მიზანია ამ ფორუმის გამართვა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.