თბილისის ბიუჯეტი შესაძლოა, ერთი თვის შემდეგ ისევ გაიზარდოს

„თბილისის ბიუჯეტი დღევანდელი მდგომარეობით 912 მილიონს შეადგენს, თუმცა შესაძლოა, ის ერთ თვეში ისევ გაიზარდოს“,- განცხადება ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ გააკეთა.
რიმა ბერაძემ ჟურნალისტებისთვის თბილისის ბიუჯეტის გაზრდის მიზეზები განმარტა და იმ გაწერილ გეგმებზე ისაუბრა, რაშიც თბილისის ბიუჯეტისთვის დამატებით გამოყოფილი თანხები გადანაწილდება.
„ბიუჯეტი 44 მილიონით გაიზარდა. გასულ წელთან შედარებით ბიუჯეტში 106- მილიონიანი ზრდა არის. ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა 18- მილიონიანი სესხი აგვეღო, რომელიც გზების კეთილმოწყობასა და რეაბილიტაციას მოხმარდება. ამ 18 მილიონში გაწერილია 42 ქუჩა, რომელიც მერიაშია წარდგენილი, ამ 42 ქუჩიდან არის 6-7 ქუჩა, სადაც თანხობრივი ღირებულება 5 მილიონ ლარს შეადგენს. აქ მოხდება იმ ქუჩების რეაბილიტაცია, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდა. სტიქიამ დააზარა ჩუღურეთის რაიონში ჩეჩელაშვილის ქუჩა. ამისთვის მერიამ ჩუღურეთის რაიონს 1,520 000 ლარი გამოუყო. ანალოგიურად გამოყოფილია თანხა კრწანისის, ისნის, მთაწმინდის რაიონებისთვის, მთლიანად ამ თანხამ 5 მილიონი ლარი შეადგინა. 13 მილიონი ლარი „თბილისი 2015“ ოლიმპიადისათვის არის გამოყოფილი. ეს ოლიმპიადა ფაქტობრივად 155 მილიონი ლარი დაჯდა. დამატებით გამოყოფილ 13 მილიონში შედის მძლეოსნობის დარბაზის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, 5 მილიონი აქედან გამოყოფილია საორგანიზაციო საკითხებისთვის: კვება, მიღება, სასტუმრო, ინვენტარი და სხვა. ბიუჯეტისთვის დამატებულ 44 მილიონში შედის ის 14 მილიონიც, რომლიდანაც 10 მილიონი სტიქიით დაზარალებულთა ოჯახებს მოხმარდება, 4 მილიონი ლარი კი შემოწირულობებია. შესაძლოა, თბილისის ბიუჯეტის ცვლილება დამატებით ერთი თვის შემდეგაც მოგვიწიოს, რადგან შემოწირულობები ამ საკითხთან დაკავშირებით დღემდე გრძელდება. შესაძლოა, თბილისის ბიუჯეტი ისევ გაიზარდოს“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები