რიმა ბერაძე ვაკე-საბურთალოს გზაზე: 15 სექტემბრამდე ქალაქში სატრანსპორტო პრობლემები მაქსიმალურად მოგვარებული უნდა იყოს
„თბილისში 30 -მდე პატარა მდინარე არსებობს, შესაბამისად, კომისიას მთავრობის მეთაურისგან დავალებული აქვს, რომ ამ მდინარეების სათავე ნაგებობების შესწავლა მოხდეს და ყველა საშიშროება აღმოფხვრილი იყოს. ყველა მდინარის სათავე ნაგებობა, რომელიც მტკვარში ჩაედინება, შესწავლილი იქნება“, – აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ გააკეთა.
რაც შეეხება ვაკე-საბურთალოს გზას, საკრებულოს წარმომადგენლის თქმით, ექსპერტები უახლოეს მომავალში დადებენ მონაცემებს, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი აღდგენა-განახლება.
რიმა ბერაძის განმარტებით, 15 სექტემბრამდე, როცა ქალაქში სწავლის განახლება მოხდება, სატრანსპორტო პრობლემები მაქსიმალურად უნდა მოგვარდეს.
„საქართველოს მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს, რომ მსგავსი სტიქია არ განმეორდეს და პრობლემები, რომლებიც ჩვენი თანაქალაქელების წინაშე დადგა, მაქსიმალურად აღმოიფხვრას. საქართველოს მთავრობამ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით სპეციალისტთა კომისია შექმნა, სადაც ყველა გამომწვევი მიზეზის შესწავლა და პრევენცია ხდება.
ვაკე – საბურთალოს გზასთან დაკავშირებით ექსპერტები დადებენ მონაცემებს, როგორ უნდა მოხდეს მისი აღდგენა-განახლება. ჩვენ გვინდა, რომ 15 სექტემბრამდე, როცა ქალაქში სწავლის განახლება მოხდება, სატრანსპორტო პრობლემები მაქსიმალურად მოგვარდეს. ამ გზის მშენებლობის პროექტში არ არის დოკუმენტი გეოლოგიური დასკვნის შესახებ. როცა არქიტექტურის სამსახურის მიერ საარქივო მასალები იქნა ამოღებული, ფაქტობრივად არ იყო გეოლოგიური დასკვნა. ამ საკითხებს გენერალური პროკურატურა სწავლობს და მასალებს დადებს. ეს გზა მეხუთე კატეგორიისაა. ამ შემთხვევაში საქმეში ჩართული უნდა ყოფილიყო ეკონომიკის სამინისტრო და მას თავისი დასკვნა უნდა ჰქონოდა. ამ პროექტში ჩადებულია თამარაშვილისა და გმირთა მოედნის გზა და ეს გზა მასზე არის მიბმული. ამ დიდმა შეცდომამ განაპირობა, რომ ჩვენ 19 ადამიანი დავკარგეთ და სამ ადამიანს ვეძებთ. განვიცადეთ 100 მილიონზე მეტი ზარალი, 400 ადამიანი თავშესაფარს ეძებს, 120-მა ოჯახმა საკუთარი სახლი დაკარგა, 5 ადამიანი ფსიქოლოგიურ მკურნალობას გადის. ანალოგიური ფაქტები რომ აღარ განმეორდეს, თბილისის საკრებულო, მერია, შესაბამისი სამთავრობო კომისია აბსოლუტურად ყველა ღონეს ხმარობს, რომ აღმოიფხვრას ამ ადამიანების პრობლემები“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.