ომარ ნიშნიანიძე საპარლამენტო უმცირესობას მიმართავს: როგორ დაგაბრმავათ მიხეილ სააკაშვილმა
„თქვენმა მიხეილ სააკაშვილმა როგორ დაგაბრმავათ, რომელიც არის დედამიწის ზურგზე ყველაზე კორუმპირებული ადამიანი“, – ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმცირესობის წევრებს.
ნიშნიანიძის განცხადებით, ხელისუფლებამ წყალდიდობის დროს თბილისში, ყველაზე მძიმე მომენტში ადეკვატურად იმოქმედა და მათი ქმედება პიარზე არ იყო აგებული.
„როდესაც წლების განმავლობაში “ჩარეცხილი” იყო პროფესიონალიზმი, ბოლოს და ბოლოს, ეს უმძიმეს შედეგს მოიტანდა. აგდებული დამოკიდებულება ცოდნის მიმართ არასოდეს ყოფილა კარგი ხალხისთვის. რაც უფრო დროულად დავძლევთ ამის სიმპტომებს, უკეთესი იქნება. მისასალმებელია, რომ უმძიმეს მომენტებში, წყალდიდობის დროს, ხელისუფლება მოქმედებდა საუკეთესოდ. მათი ქმედება ესადაგებოდა შედეგს და არა პიარს. სამწუხაროა, თვითგამოცხადებული ,,ნაცმოძრაობის” ბრალდებები ხელისუფლების მიმართ. როგორ დაგაბრმავათ თქვენმა ბოღმამ, რომ ვერ დაინახოთ წინსვლები. მიუხედავად დიდი ტრაგიზმისა, უნდა მივესალმოთ, რომ ჩვენს თვალწინ შედგა სამოქალაქო საზოგადოება, რომლის სიძლიერეს მრავალჯერ აღნიშნავდა ბიძინა ივანიშვილი. ეს საზოგადოება არასოდეს აპატიებს ,,ნაციონალურ მოძრაობას” მათ ქმედებებს. როგორ მოგაქციათ თქვენმა მიხეილ სააკაშვილმა და დაგაბრმავათ, რომელიც არის დედამიწის ზურგზე ყველაზე კორუმპირებული ადამიანი. ამიტომაც მოგიწოდებთ, შეიყვაროთ ქვეყანა და სამშობლო და არა ცალკეული ბელადები”, – განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.