პრემიერი: ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდაა, რაც თავიდანვე დავისახეთ მიზნად
ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც თავიდანვე დავისახეთ მიზნად – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” განაცხადა, სადაც ჯანდაცვის სერვისების სარგებლობისა და დანახარჯების კვლევის შედეგების პრეზენტაცია მიმდინარეობს.
პრემიერის განმარტებით, მიღწეულ წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის თავად ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს, რომელიც პროცესში პირველივე დღიდან ჩართულია.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სწორედ დავით სერგეენკოს დამსახურებაა ის, რომ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.
“მართლაც, წარმატებული იყო ორი წლის განმავლობაში ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენი პოლიტიკა და მინდა აღვნიშნო ბატონი სერგეენკოს განსაკუთრებული წვლილი. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც თავიდანვე დავისახეთ მიზნად. კვლევის შედეგები კი მეტყველებს იმაზე, რომ ეს პროგრამა წარმატებული აღმოჩნდა. დღეს ჩვენი ქვეყნის არც ერთი მოქალაქე არ არის სახელმწიფოს ყურადღების გარეშე – ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მოქალაქეს შეუძლია, მიიღოს უფასო ჯანდაცვა. ჩვენ უპრეცედენტოდ გავზარდეთ ჯანდაცვის სექტორის სახელმწიფო დაფინანსება. დღეისთვის ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილია საბაზისო სამედიცინო მომსახურებით, მათ შორის 3 200 000 ადამიანია ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ხოლო 530 000 ადამიანი კერძო და კორპორატიული დაზღვევით სარგებლობს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება კვლევის შედეგებს, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მათში მთავრობის ძალისხმევა სათანადოდ აისახა, რაც მინისტრთა კაბინეტის თითოეული წევრისთვის სასიხარულო და სტიმულის მიმცემია.
“რა თქმა უნდა, ჩემთვის და მთავრობის თითოეული წევრისთვის სასიხარულოა, რომ ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა და წარმატებული რეფომარმა აისახა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ ჩატარებულ კვლევაში. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულის მოცემი”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.