თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში გაემგზავრა (ვიდეო)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში გაემგზავრა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, თინათინ ხიდაშელი ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას და ევროპის პარლამენტში შეხვედრებს გამართავს. თინათინ ხიდაშელი ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრება, რომელშიც „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას.
თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. „დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ავღანეთში მისიაა. მაგრამ, ამას გარდა, დაგეგმილია 15-მდე ორმხრივი შეხვედრა ჩემს კოლეგებთან. ეს ჩემი პირველი მინისტერიალია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკულად ყველა ნატოს წევრი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებთან მექნება შეხვედრა, ვისაც ჯერ არ შევხვედრივარ. ბუნებრივია, გვექნება როგორც ორმხრივ ფორმატში საუბარი, ასევე, თავად ნატოში საქართველოს მოძრაობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა ბრიუსელში გამგზავრებამდე.