გიორგი მარგველაშვილი GLOBSEC-ის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბრატისლავაში ჩავიდა, სადაც გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
GLOBSEC-ის კონფერენციის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი, ხვალ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უსაფრთხოების პრობლემებისადმი მიძღვნილ სესიაზე – „რყევის ზონა: ევროპის სამეზობლო სტრატეგია“ (Tremor Zone: Strategies in Europe’s Neighbourhood) – სიტყვით გამოვა.
ქვეყნის პირველი პირი აღნიშნულ სესიაში მონაწილეობას ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერთან ერთად მიიღებს.
პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს ისეთ უმთავრეს საკითხებზე, როგორიცაა საქართველოში და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს არსებული ვითარება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური როლი და მნიშვნელობა ეროპისათვის.
ხაზგასმით იქნება აღნიშნული, რომ ევროპული უსაფრთხოება წარმოუდგენელია საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების უსაფრთხოების გარეშე.
დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ანდრეი კისკასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან დევიდ კემერონთან, ხორვატიისა და პოლონეთის რესპუბლიკების პრეზიდენტებთან კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩსა და ბრონისლავ კომოროვსკისთან, ასევე მონტენეგროს პრემიერ-მინისტრთან მილო ძუკანოვიჩთან. ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ ჯონ მაკკეინსაც შეხვდება.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველოს მონაწილეობას მსოფლიოში უსაფრთხოების საკითხებზე ორგანიზებულ ერთ-ერთ უმთავრეს კონფერენციაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
მისი თქმით ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ ჩვენი ჩაბმულობით მსოფლიო დღის წესრიგში ძალიან აქტიურად ფიგურირებდეს ის საჭირბოროტო საკითხები, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო დგას.
ქვეყნის პირველი პირი, გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილე დელეგაციის ხელმძღვანელებისათვის, სლოვაკეთის ატლანტიკური კომისიის საპატიო პრეზიდენტის რასტისლავ კაჩერის სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამს დაესწრება.
სლოვაკეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი, დღეს, საქართველო-სლოვაკეთის ერთობლივ ბიზნესფორუმს გახსნის, რომელშიც ქართული მხრიდან ოცდაათამდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში არიან: უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ასევე საქართველოს ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში ალექსანდრე ნალბანდოვი.
საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ბრატისლავაში 21 ივნისს დასრულდება.