“ბიზნესის კეთების რეიტინგში ნორვეგიას, ჰოლანდიას, საფრანგეთს, შვეიცარიას, დიდ ბრიტანეთს ვუსწრებთ”

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიუხედავად რეგიონში შექმნილი რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა, საქართველოში ეკონომიკური ზრდა შენარჩუნებულია.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საგადასახადო სისტემის და დაბალი გადასახადების მქონე ღია ქვეყანა.
“უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი საგარეო შოკებისა, დღეის მდგომარეობით საქართველოში შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებულია ბიზნესგარემო როგორც საკუთრების უფლების დაცვის, ისე საგადასახადო ტვირთის კიდევ უფრო შემსუბუქებისა და საგადასახადო კანონმდებლობის ოპტიმიზაციის მიმართულებით. საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საგადასახადო სისტემის და დაბალი გადასახადების საოცრად ღია ქვეყანა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს სულ ექვსი ტიპის გადასახადი; საერთოდ არა გვაქვს სოციალური გადასახადი; ჩვენ გავაუქმეთ იმპორტის გადასახადი საქონლის თითქმის 80 პროცენტზე, დანარჩენზე კი გვაქვს 5 ან 12-პროცენტიანი განაკვეთი; გვაქვს ძალიან მარტივი საგადასახადო და საბაჟო პროცედურები და სხვა”, – განაცხადა პრემიერმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყოველივე ამის დასტურია ის საერთაშორისო რეიტინგები, რომლებშიც საქართველოს წამყვანი პოზიციები უკავია.
“მსოფლიო ბანკის შეფასებით ბიზნესის კეთების რეიტინგში მსოფლიოში მე-15 ადგილი, ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში – მე-8 ადგილი; TRACE Matrix-ის ინდექსის მიხედვით, კორუფციის  სიმცირის რეიტინგში  საქართველო მე-11 ადგილზეა 197 ქვეყანას შორის. ჩვენ ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ნორვეგია, ჰოლანდია, საფრანგეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის Heritage Foundation-ის რეიტინგის მიხედვით – მსოფლიოში 22-ე ადგილი. გონივრული, მინიმალური და მიზანდასახული რეგულაციების დაწესებით ქვეყანა ყალიბდება ჯანსაღი ბიზნესის კეთებისა და წარმოების ცენტრად, რაც სწორედ ხელისუფლების მიზანმიმართული და თავდაჯერებული პოლიტიკის შედეგია, და ვფიქრობთ, ქმნის პოზიტიურ საინვესტიციო მოლოდინს”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები