თინათინ ხიდაშელი ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა
ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა.
თინათინ ხიდაშელმა ინესე ლიბინა-ეგნერეს მადლობა გადაუხადა იმ თანადგომისთვის, რომელსაც ლატვია საქართველოს მიმართ გამოხატავს.
ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. ლატვიელმა სტუმარმა იმ საპარლამენტო ფორმატების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელშიც საქართველო საერთაშორისო დონეზე მონაწილეობს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ბალტიისპირეთის ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობა.
„ვფიქრობ, ასეთი ტიპის ორმხრივი შეხვედრები კონფერენციების ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ინიციატივაა იმისათვის, რომ უფრო ეფექტური, სისტემური ხასიათის და რეგულარული იყოს ჩვენი მეგობარი ბალტიისპირეთის ქვეყნების მხარდაჭერა ქართული სახელმწიფო ინტერესების მიმართ საერთაშორისო ფორმატებში. ამ შეხვედრის შედეგებს მალე ვნახავთ. ეს არის გაგრძელება შეხვედრების იმ სერიისა, რომელსაც ჩვენ ვმართავდით საპარლამენტო ფორმატებში. ქალბატონი ვიცე-სპიკერი ჩვენი ქვეყნის დიდი ხნის მეგობარია. ის სტრასბურგში მუდმივად იცავს საქართველოს ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, ასევე იქნება ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან ურთიერთობაში და მათ საკუთარ ფორმატებში, რომელიც ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებს აქვთ“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.