ბიძინა ივანიშვილი: თუ სააკაშვილმა წლები მოანდომა ნათელაშვილის დონეზე დასვლას, ალასანიას თვეები არ დასჭირვებია
ირაკლი ალასანია ისევ ბლეფშია და ცრუობს – ამის შესახებ ორგანიზაცია “მოქალაქის” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
ექსპრემიერის შეფასებით, თუ სააკაშვილმა წლები მოანდომა ნათელაშვილის დონეზე დასვლას, ალასანიას თვეები არ დასჭირვებია.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ირაკლი ალასანიამ დაგეგმა, რომ პოლიტიკაში გადაეტანა ის, რაც ხდებოდა თავდაცვის სამინისტროში და პოლიტიკური სპეკულაციებით გადაეფარა ის, რაც თავდაცვის სამინისტროში, სავარაუდოდ, ხდებოდა.
“ნებისმიერ სამინისტროში შეიძლება დღესაც იყოს პროკურატურა, ეს არ არის საოცრება. თავდაცვის მინისტრის, რომელიც გუნდის წევრია, მოვალეობა იყო, ხელი შეეწყო გამოძიებისთვის. თუ არ აშფოთებდა, პოლიტიკურად აბსოლუტურად არათანამიმდევრული იყო მისი განცხადება, რომ პარტიის ლიდერად დაბრუნდება. იმის შემდეგ მოხდა დაჭერები. დაჭერების შემდგომაც, ნაცვლად იმისა, რომ გამოსულიყო სახელმწიფო მოღვაწე, კაცი, რომელსაც პრეტენზია აქვს ქვეყნის მმართველობაზე და ხელი შეეწყო ხელისუფლებისთვის, დაუპირისპირდა პროკურატურას, თუმცა ვერც ერთი ფაქტი ვერ დასახელდა, რომ პროკურატურას კანონი დაერღვია. განცხადება გააკეთა, რომ საქართველო ევროატლანტიკურ კურსს იცვლის, გადადგნენ მისი მეგობარი მინისტრები – ანეკდოტური სიტუაციაა. საჭე თვითონ ეჭირათ და მიატოვეს საჭე და გადადგნენ და თქვეს, კურსს იცვლის მთავრობაო. და ჰგონიათ, რომ საზოგადოება ამას ჭამს, უკაცრავად ამ სიტყვებისთვის”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, ექსპრემიერის თქმით, კიდევ ერთი სიცრუე ალასანიას მხრიდან, ივანიშვილის თქმით, ექსპერტის “მოტაცება” იყო.
ივანიშვილმა ასევე გაიხსენა საფრანგეთთან ხელშეკრულების გაფორმების საკითხი და აღნიშნა, რომ ალასანია “საოცარ კონტრაქტს აწერდა ხელს”. “ქვეყანა გადარჩენილი იყო, ისეთ კონტრაქტს აწერდა ხელს. ამ დროს ურთიერთგაგების მემორანდუმის პარაფირებაზე იყო საუბარი მხოლოდ და არა კონტრაქტს აფორმებდა. მერე დეტალების გამოტანა, რაც იმ დროს არ იყო საინტერესო და საიდუმლო უნდა ყოფილიყო. ამის შემდეგ თქვა, თითქოს მოსამართლეებზე ზეწოლას ვახდენ. პირადული მე ალასანიასთან არასოდეს მქონია და არც დღეს გამაჩნია. რამდენჯერმე თქვა, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები არიან ივანიშვილის პირადი პატიმრები, იყო შეურაცხყოფა მაფიოზობაზე”, – განაცხადა ივანიშვილმა. ივანიშვილის თქმით, ალასანია “ნაციონალების” თამაშს უნიჭოდ იმეორებს. ცოტა ხნის წინ ჰკითხეს ალასანიასა და ბოკერიას გაერთიანებაზე, რის შესახებაც ინფორმაცია არ აქვს, თუმცა იდეოლოგიით ისინი უკვე ერთიანნი არიან. რასაც უნდა, ეს კაცი იმას ამბობს და ანგარიშს არ უწევს საკუთარ სიტყვებს, ჰგონია, რომ საზოგადოება ამას გადაყლაპავს და გახდება ლიდერი. ხალხს აგულიანებენ, რომ აი, ჩვენ მოვალთ და დავსჯითო. როგორ უნდა მოვიდეს ასეთი კაცი? არ მიიღებს საზოგადოება ასეთ კაცს. მეც ვარ ამ საზოგადოების წევრი და მეც ჩემს სიტყვას ვიტყვი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.