“თემურ გიორგაძის ზონდერი მაშველები 26 მაისის აქციებს არბევდნენ“
26 მაისს აქციის დაშლაზე ჩვენი სამსახურიდან იყვნენ მივლინებული ზონდერები, რომლებიც მაშინაც ჰყავდა თემურ გიორგაძეს და ახლაც ჰყავს სამსახურში – ამის შესახებ გაზეთ “ქრონიკასთან“ თბილისის მერიის გადაუდებელი სიტუაციის მართვის სააგენტოს ერთ-ერთი მაშველი გიორგი გიორგაძე აცხადებს. მისივე თქმით, 26 მაისის აქციის დაშლაზე იყვნენ თბილისის მერიის გადაუდებელი სიტუაციის მართვის სააგენტოს სახანძროს მანქანები.
“26 მაისს აქციის დაშლაზე ჩვენი სამსახურიდან იყვნენ მივლინებული ზონდერები, რომლებიც მაშინაც ჰყავდა გიორგაძეს და ახლაც ჰყავს სამსახურში. ამის გარდა, მიტინგზე აქციის დასარბევად ჩვენი სამსახურიდან გაუშვეს სახანძრო მანქანები, როცა ამის უფლება არავის არ აქვს. ესაა სამაშველო სამსახური. ესაა მერიის სამსახური და უნდა ემსახურებოდეს ხალხის გადარჩენას, ხანძრის ჩაქრობას და არა ხალხის დარბევას. მიკვირს, რომ ამაზე ჩემი მეგობრები არ ლაპარაკობენ. თუ პროკურატურა ამით დაინტერესდება, ყველას სახელს ვიტყვი, რაც ჩემთვისაა ცნობილი. 20 კაცამდეა მათი ზუსტი რაოდენობა. ისინი დღესაც მუშაობენ ჩვენთან სამსახურში. სახანძრო მანქანა მიტინგის დასაშლელად არ უნდა იყოს. რომელ ქვეყანაში გინახავთ, რომ სამაშველო სამსახურით დაშალონ მიტინგები? ეს მარტო ჩვენთან – საქართველოში ხდება, იმიტომ, რომ აქ ყველაფერი უკუღმაა. ვინც დარბევაზე მიჰყავდათ, ისინი ამისთვის ფულს იღებდნენ“,- აცხადებს გიორგი გიორგაძე ინტერვიუში.
ამასთან, მისივე მტკიცებით, თემურ გიორგაძეს სამსახურში “ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები და კოორდინატორები ჰყავს, რომლებიც ყოველ არჩევნებზე დიდ პრემიებს იღებენ.
“გიორგაძეს სამსახურში ჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები და კოორდინატორები და ეს ხალხი ყოველ არჩევნებზე დიდ პრემიებსა და ორმაგ ხელფასს იღებს. ამის გარდა, ხალხს აძალებდნენ, არჩევნებზე 5 – 10 ხმა მიეტანათ თავისი პირადობის მოწმობით ოჯახებიდან. ანუ გიორგაძე მუდამ ემსახურებოდა „ნაცმოძრაობას“. მეტსაც გეტყვით, თუ სადმე აქცია იმართებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგოდ, ყველგან მიჰყავდა გიორგაძეს თავისი ხალხი. ამის გარდა, უკვე არჩევნების შემდეგ, სადაც გიგი უგულავას დასჭირდებოდა, ყველაგან ჩვენი თანამშრომლები ჰყავდათ წაყვანილი. უგულავა სასამართლოდან რომ გამოდის და მხარდამჭერები რომ ეგებებიან, სულ აქედან წაყვანილი გიორგაძის ხალხია და თავადაც სულ იქ დგას ხოლმე“,-აცხადებს მაშველი.