მინდია ჯანელიძე: ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს თავდაცვით შეიარაღებაზე ხელშეკრულება არ არსებობდა
კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე საქართველოს და საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის თავდაცვით შეიარაღებაზე ხელშეკრულების გაფორმების ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს, თავდაცვით შეიარაღებაზე ხელშეკრულება არ არსებობდა. მისი თქმით, შესაბამისად, კონკრეტულ საკითხებზე საუბარი ვერ იქნებოდა.
“ამ მიმართულებით სრული მოცულობით მიმდინარეობდა მუშაობა და შედეგი სახეზეა. რაც შეეხება იმას, თუ რა არის ხელმოწერილი, ხელშეკრულების შინაარსი არის სახელმწიფო საიდუმლო და ამაზე არც თქვენ გირჩევთ საუბარს და არც მე ვაპირებ საუბარს, – განუცხადა ჟურნალისტებს მინდია ჯანელიძემ.
ჯანელიძის განმარტებით, ხელშეკრულების პროექტი მომზადდა მისი მინისტრობის დროს, ხელმოწერა კი თინა ხიდაშელის მინისტრობის დროს მოხდა.
“ხელშეკრულების პროექტი მომზადდა ჩემი მინისტრობის დროს და ხელი მოეწერა თინა ხიდაშელის მინისტრობის დროს. ეს არის რეალობა, განზრახულობათა დოკუმენტი, თავისი შინაარსით არის მხარეების კეთილი ნება, რომ მათ საუბარი დაიწყონ გარკვეულ საკითხებზე მოსალაპარაკებლად. იქ არანაირ კონკრეტიკაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარი იყო იმაზე, რომ ორ მხარეს შორის დაწყებულიყო დიალოგი, რაც შეიძლება დამთავრებულიყო შეთანხმებით, როგორც ახლა მოხდა, ან ვერ დამთავრებულიყო შეთანხმებით. კარგია, რომ შეთანხმებით დასრულდა”, – განუცხადა ჟურნალისტებს მინდია ჯანელიძემ.