იანოშ ჰერმანი – ევროკავშირი ამ მძიმე წუთებში ქართველი ხალხის გვერდით არის
ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა მწუხარება გამოთქვა საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის გამო და განაცხადა, რომ ევროკავშირი ამ მძიმე წუთებში ქართველი ხალხის გვერდით არის. ჰერმანის თქმითვე, ევროკავშირის სტრუქტურები კოორდინაციაში არიან საქართველოს მთავრობასთან და ახლა ხდება ფორმულირება იმ დახმარებისა, რომელსაც ევროკავშირი საქართველოსთვის გამოყოფს როგორც დაუყოვნებლივ, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. “ჩვენ ვხედავთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევასაც ამ შედეგების დაძლევისთვის. ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სოლიდარობამ, რომელიც გამოხატეს ადამიანებმა. რისი გაკეთება შეგვიძლია? რასაკვირველია, დახმარება შეიძლება იყოს დაუყოვნებლივი, პირველადი მნიშვნელობის და ასევე დახმარება, რომელიც საჭირო იქნება უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში. თქვენ ალბათ უკვე ნახეთ, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გამოხატეს დახმარების მზადყოფნა როგორც მატერიალური, ისე ექსპერტული თვალსაზრისით. დახმარება, რომელიც ევროკავშირიდან წამოვა, სრულ თანხვედრაში იქნება იმ საჭიროებებთან, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.